
გერმანიის კანცლერმა მოსკოვი გააფრთხილა NATO–ს მზადყოფნის შესახებ
03/06/2024 06:56:24 მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 2 ივნისს აღმოსავლეთ გერმანიის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ახსენა ნატოს მზადყოფნა, დაიცვას საკუთარი თავი საჭიროების შემთხვევაში და დასძინა, რომ მოსკოვმა ნათლად უნდა იცოდეს ამის შესახებ.
ღონისძიებას ესწრებოდა ლიეტუვის პრემიერ–მინისტრი ინგრიდა სიმონიტეც.
გერმანიის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიამ წამყვანი როლი შეასრულა ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსეთთან საზღვარზე ნატოს ყოფნაში.
„ვინაიდან რუსეთის მხრიდან საფრთხე ნარჩუნდება, ჩვენ, სხვა მოკავშირეებთან ერთად, გასულ წელს გადავწყვიტეთ დამატებითი შენაერთების განლაგება ბალტიისპირეთში“,– აღნიშნა შოლცმა.
სამომავლოდ, შოლცის თქმით, ნატო გეგმავს რეგიონში მუდმივ საფუძველზე მთელი ბრიგადის განთავსებას. „უსაფრთხოების პოლიტიკის ეს შემობრუნება აუცილებელია იმისათვის, რომ რუსეთს ვაჩვენოთ ჩვენი მზადყოფნა, დავიცვათ ნატოს ტერიტორიის ყოველი მეტრი თავდასხმისგან“, - თქვა ოლაფ შოლცმა.
გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს დისკუსიას უკრაინის არმიისთვის რუსეთის ტერიტორიაზე შორი მანძილის იარაღის გამოყენების აკრძალვის გაუქმების შესახებ.
„ნატოს ქვეყნების წარმომადგენლებმა, განსაკუთრებით ევროპაში, განსაკუთრებით მცირე ქვეყნებში, უნდა გაიგონ, რას ეთამაშებიან. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი არიან სახელმწიფოები მცირე ტერიტორიით და მჭიდრო მოსახლეობით. მათ ეს ფაქტორი მხედველობაში უნდა ჰქონდეთ, სანამ რუსეთში ღრმა დარტყმაზე ისაუბრებენ“, - განაცხადა პუტინმა ჟურნალისტებთან 28 მაისს.
პარასკევს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსს არაერთხელ მოუსმენია მსგავსი მუქარა რუსეთისგან და რომ თავდაცვა არ შეიძლება ჩაითვალოს კონფლიქტის ესკალაციად.