
დუგინი "ოცნებას" კვლავ ეხიდება და რუსულ კანონს უქებს: "ფაქტობრივად ყოველ ქართულ სახლში უცხოეთის თითო აგენტი მაინც ზის!"
03/06/2024 11:09:29 პოლიტიკა
კრემლის ერთ-ერთ იდეოლოგად ცნობილი რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრე დუგინი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ეხიდება, "უცოეთის გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" რუსულ კანონს კვლავ აქებს და მისი "აუცილებლობის" დასტურად ის სიცრუე მოჰყავს, რომ "ფაქტობრივად ყოველ ქართულ სახლში უცხოეთის ერთი აგენტი მაინც ზის".
ამასთან, დუგინი სიტყვა-სიტყვით იმეორებს "ოცნების" იმ სადეზინფორმაციო ნარატივს, თითქოს ეს კანონი "არა რუსული, არამედ ამერიკულია, ამერიკულთან შედარებითაც - ბევრად რბილი" და იქვე კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით "ძალადობრივ საპროტესტო აქციებს" აანონსებს.
ცნობისთვის: პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კანონს პრეზიდენტის ნაცვლად დღეს მოაწერა ხელი. იგი უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში, რაც კანონის ძალაში შესვლას ნიშნავს.
"საქართველოში, რომლის მოსახლეობა 3 მლნ 700 ათასს შეადგენს, მოქმედებს 25 ათასი არასამთავრობო ორგანიზაცია, ანუ თითო ორგანიზაცია ყოველ 148 მოსახლეზე. შეიძლება, ითქვას, რომ თითოეული ქართველის ოჯახში ერთი აგენტი მაინც ზის და დანარჩენებს ასწავლის, როგორ უნდა იცხოვრონ დასავლური ყაიდით! ამასთან, ამოქმედებული კანონი მათ ამასაც კი არ უკრძალავს - მხოლოდ ავალდებულებს, თავი ასეთებად წარადგინონ და ცოტაოდენი გადასახადი გადაიხადონ! კანონის მოწინააღმდეგე პროდასავლელები მას "რუსულად" მოიხსენიებენ, მაგრამ რეალურად, ის ამერიკულის გაცილებით რბილი ვერსიაა და ამერიკულთან შედარებით, გამოიყურება, მხოლოდ როგორც ჯარიმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევისთვის! ასე, რომ ამ კანონის მოწინააღმდეგე პროდასავლელი რადიკალები მოქმედებენ დასავლური "დემოკრატიისთვის" ტიპური ორმაგი სტანდარტებით და სასანქციო ზომების სირბილის მიუხედავად, გეგმავენ, კვლავ გააგრძელონ საპროტესტო გამოსვლები დარბევებითურთ" - წერს დუგინი თავის ტელეგრამ-არხში.
შეგახსენებთ, რომ დუგინი საქართველოს ხელისუფლების გამოსარჩლებას მას შემდეგ შეუდგა, რაც რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები განსაკუთრებული სისასტიკით დაშალეს და მონაწილეების მასობრივი დაკავება დაიწყეს. დუგინის შეფასებით, ამით "საქართველო სუვერენულ დერჟავად იქცა", "დაიცვა ტრადიციული ფასეულობები" და "ახლა სწორ გზაზეა". ორიოდ დღის წინ კი მან "ქართული ცნების" დამფუძნებელი და საქართველოს ფაქტოვრივი მმართველი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან ერთ რიგში მოიხსენია და შეაფასა "ტრადიციების ბანაკის წევრად, რომელიც პოსტმოდერნის ბნელ ბანაკს ებრძვის".