![საფრანგეთში „კუბოების აქციის“ უკან რუსულ სპეცსამსახურებს ხედავენ [ფოტო]](https://accentnews.ge/storage/files/saf_sDCgI0X.jpg)
საფრანგეთში „კუბოების აქციის“ უკან რუსულ სპეცსამსახურებს ხედავენ [ფოტო]
04/06/2024 06:24:20 ევროპა
საფრანგეთის პოლიცია იძიებს "კუბოების აქციის" რუს სპეცსამსახურებთან კავშირს.
1 ივნისს, ეიფელის კოშკთან სატვირთო ავტომანქანით მიიტანეს და დადგეს თაბაშირით სავსე ხუთი კუბო საფრანგეთის დროშებით და წარწერით: „ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში”.
მედია გამომძიებლებზე დაყრდნობით წერს, რომ ბევრი გარემოება მიუთითებს „უცხოეთიდან ჩარევაზე".
პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ბულგარეთის მოქალაქეა და მისი მგზავრები – გერმანიის და უკრაინის მოქალაქე ახალგაზრდა კაცები. მძღოლის თქმით, სწორედ მათ სთხოვეს კუბოების ტრანსპორტირება.
მედიის ცნობით, დაკითხვისას სამივემ განაცხადა, რომ უმუშევრები არიან და ფული სჭირდებოდათ. მძღოლმა 120 ევრო მიიღო, დანარჩენებმა 400-400. ხოლო მიიღეს დავალება, ჯერჯერობით უცნობია.
სააგენტო AFP პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ „კუბოების აქცია" შესაძლოა, შეფასდეს ფსიქოლოგიურ ძალადობად, რაც ისჯება სამი წლით თავისუფლების აღკვეთით, ან 45 ათასი ევროს ჯარიმით.
ფრანგული მედიასაშუალებები პოლიციაში თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ სატვირთო ავტომანქანის მძღოლს კონტაქტი ჰქონდა ბულგარეთის კიდევ ერთ მოქალაქესთან, რომელიც ეჭვმიტანილია პარიზში, ჰოლოკოსტის მემორიალთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტში. კერძოდ, მაისის შუა რიცხვებში მემორიალზე გაჩნდა პალესტინელებისადმი სოლიდარობის ნიშნად მიჩნეული წითლად შეღებილი ხელისგულები.
ფრანგი გამომძიებლების ვერსიით, როგორც ხსენებულ, ისე „კუბოების აქციასთან" კავშირი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებს, ხოლო მიზანი საზოგადოებრივი აზრით მანიპულაცია იყო.