
თუშეთში შესაძლოა, საბაგირო გზის მშენებლობა დაიწყოს
29/05/2019 09:34:16 ეკონომიკა
კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, თუშეთში შესაძლოა, საბაგირო გზის მშენებლობა დაიწყოს.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა, პროექტის განხორციელებით კერძო კომპანიაა დაინტერესებული, რომელიც ამ ეტაპზე დეტალების დასაზუსტებლად იტალიური კომპანიის წარმომადგენლებს ხვდება.
მისივე თქმით, საბაგირო გზის მშენებლობის ლოკაციად აბანოს უღელტეხილი განიხილება.
"თუშეთში არის ძალიან საინტერესო შემოთავაზება საბაგირო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს კერძო ინვესტიციაა, უკვე არსებობს კომპანია და სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კომპანიის დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ვფიქრობ, რომ მშენებლობა არ იქნება ხანგრძლივი და ერთწლიანი პერიოდი საკმარისი იქნება. ამ ეტაპზე შეხვედრა მიმდინარეობს იტალიაში, იმ კომპანიის წარმოდგენლებთან, რომლებმაც ამ საბაგიროს გზის მშენებლობა და ტექნიკური აღჭურვა უნდა მოახდინოს. საინტერესოა რა კონკრეტული პროექტით დაბრუდნებიან. ვფიქრობთ, გზა დაიწყება აბანოდან, ასე ჰქვია ლოკაციას, საიდანაც ძალიან ვიწრო, ტყიანი ხეობა სრულდება და გადადის უღელტეხილზე, არმისული ომალომდე გარკვეულ ლოკაციაზე დასრულდება", - განაცხადა ქადაგიშვილმა.