ბაკურიანში, საბაგიროზე საბჭოთა რუბლის გამოყენების ფაქტზე კომისიამ პროცედურები დაიწყო

08-01-2020 22:52:10 საშინაო პოლიტიკა

„გადაიხდი ლარს და იყიდი რუბლს თავისი ნამგალითა და უროთი“, - დაწერა „ფეისბუკზე“ ბაკურიანში მყოფმა დამსვენებელმა, ანა მარშანიამ. მისი ინფორმაციით, საბჭოთა რუბლი ე.წ. 25-იანების საბაგიროთი სარგებლობისას გამოიყენება.

"რადიო თავისუფლება" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელოებს ინფორმაციას, რომ სუს-ის თავმჯდომარეობით მოქმედმა კომისიამ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად დაიწყო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები. კომისია საქართველოს კანონის („თავისუფლების ქარტია“) საფუძველზე მოქმედებს.

„თავისუფლების ქარტიის“ მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, მათი კომპანიის მენეჯმენტის ქვეშ მოქცეულ საბაგიროებზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი რუბლის გამოყენების ფაქტი არ ფიქსირდება.

მათი განმარტებით, ე.წ. 25-იანები, რომელზეც მსგავსი შემთხვევა ხდება, მთის კურორტების კურატორობის ქვეშ არ არის და ის კერძო საკუთრებაშია.

"აქცენტმა" ცადა, ადგილობრივებთან გაერკვია, თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული საბაგირო. როგორც ადგილობრივები ყვებიან, საბაგირო რუსეთის მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენს ეკუთვნის. მათივე ცნობით, მისსავე საკუთრებაშია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კაფე "999", რომლის პირველი სართულიც უკვე ფუნქციონირებს, მეორე სართულის მშენებლობა კი მიმდინარეობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები