რა თქვა გერმანიის ელჩმა, რომელსაც პრემიერი სპეკულირებაში ადანაშაულებს

04-06-2024 13:53:15 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ჯერ "ელჩად წოდებულად" მოიხსენია, ხოლო შემდეგ "სპეკულირებაში" დაადანაშაულა.

პრემიერის მტკიცებით, "დიპლომატი შეგნებულად აძლევს წყაროს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის კონკრეტულ მედიასაშუალებებს".

რა თქვა პრემიერმა

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩი, გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ იშლის სპეკულაციებს. ყველას გახსოვთ, რომ ის, თავის დროზე, ჩართული იყო „ლელოს“ საარჩევნო აქტივობაში, ბოლნისში იყვნენ წასულები, სადაც ერთობლივად მონაწილეობდნენ კონკრეტულ პოლიტიკურ საარჩევნო ღონისძიებაში. გერმანიის ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე. ძალიან სამწუხაროა, ის სპეკულირებს. ვნახეთ, რომ კონკრეტულმა ტელევიზიებმა გერმანიის ელჩის ეს განცხადება გამოიყენეს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, წარმოაჩინეს ისე, თითქოს გერმანიის კანცლერი საუბრობდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, როცა ის საუბრობდა თუ არ ვცდები, 5 წლის წინანდელ მკვლელობაზე, რომელიც გერმანიაში იქნა ჩადენილი. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჯერ გერმანიის ელჩი შეგნებულად აძლევს წყაროს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის კონკრეტულ მედიასაშუალებებს და შემდეგ ის, რომ მედიასაშუალებები ამას იტაცებენ. ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს გერმანული სახელმწიფოს პრობლემაა, როდესაც მისი ელჩი, ოფიციალური წარმომადგენელი ასეთი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რა თქვა გერმანიის ელჩმა

2 ივნისს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელ X-ში პირად გვერდზე გააზიარა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის შემდეგი განცხადება:

"კანცლერმა ოლაფ შოლცმა დღეს განაცხადა: ბოლო დღეებში იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული მტრობა და თავდასხმები. ჩვენ გვაქვს ნულოვანი ტოლერანტობა სიძულვილისა და ძალადობის მიმართ. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია და მათი ხმა უდავოდ უნდა იქნას გაგებული“.

აღსანიშნავია, რომ დიპლომატი მისი ქვეყნის კანცლერს ისე ციტირებდა, რომ საქრათველო არსად არ იყო ნახსენები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები