"დასავლეთი საქართველოში მაიდანს ამზადებს" - მოსკოვი და "ოცნება" კვლავ ერთი ენით გვესაუბრებიან

04-06-2024 16:05:03 პოლიტიკა

მოსკოვის მტკიცებით, დასავლეთი საოქტომბროდ საქართველოში უკრაინული "მაიდანის" ანალოგიური სცენარის განვითარებას ეცდება რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის ახალი კერის შესაქმნელად. ამის შესახებ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე დასავლეთისა და "გლობალური ომის პარტიის" მიერ საქართველოში "ახალი მაიდანის", "რევოლუციის" მოწყობისა და რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის გახსნის" შესახებ სადეზინფორმაციო ნარატივები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ. კერძოდ, 29 მაისს პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ "საქართველოში მაიდანი არ მოხდება". დღეს კი მან "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციებს "უცხოეთის აგენტების მიერ ორგანიზებული" უწოდა, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს კვლავ წაუყენა ბრალდებები, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივით ხელმოწერილ "ქართულ ქარტიას" კი "აგენტების სია" უწოდა. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დასავლეთი "პროცესებზე გავლენის მოხდენის მიზნით ქართველ ხალხზე ზეწოლაში" დაადანაშაულა, პრეზიდენტის ინიციატივით ხელმოწერილი დოკუმენტი კი "ომის ქარტიად" მოიხსენია.

"აშშ და ევროკავშირი უტიფრად ახდენენ ზეწოლას არაერთ სუვერენულ ქვეყანაზე. ამჟამად თვალს ვადევნებთ მედასავლეთეების მცდელობას, ვითარება დაძაბონ საქართველოში ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში. არ გამოვრიცხავთ, რომ მიზანს რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის ახალი კერის შესაქმნელად საქართველოს ხელისუფლების შეცვლის "მაიდანური" სცენარის განვითარება წარმოადგენს" - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

საქართველოს მმართველი ძალის წარმომადგენლების მსგავსად, ისიც იმეორებს სადეზინფორაციო-პროპაგანდისტულ ნარატივს, თითქოს "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" საქართველოში მიღებული კანონის "ანალოგები დასავლეთის არაერთ სახელმწიფოში მოქმედებს, ბრუსელიდან და ვაშინგტონიდან კი ამ ფონზე გაისმის "ქართული ოცნების" მიმართ ფარისევლური ბრალდებები "დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის", "ევროპულ და ევროატლანტიკურ ფასეულობებთან შეუსაბამობის" შესახებ, ისევე, როგორც პერსონალური სანქცირების, საქართველოს "ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივის" დაბლოკვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებისა და ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევის მუქარები".

გალუზინმა რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტზეც გაამახვილა ყურადღება და "ოცნების" წარმომადგენლების მსგავსად, განაცხადა:

"ეს სხვა არაფერია, თუ არა დამოუკიდებელი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, მისი სუვერენიტეტის შეზღუდვისა და მისთვის ნეოკოლონიალური პრაქტიკით საკუთარი ნების თავს მოხვევის გაუგონარი მცდელობა".

დასასრულს - ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის გაუგონარი ცინიზმი, რომელიც გამოიხატა შემდეგ განცხადებაში:

"რუსეთი ამ დროს დაინტერესებულია საქართველოს სტაბილური დემოკრატიული განვითარებით. აშშ-ისა და ევროკავშირისგან განსხვავებით, რუსეთი არ ერევა სუვერენული სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს შიდა საქმეებში!".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები