
კონგრესმენი უილსონი: "უცხოეთის აგენტების" კანონი მხოლოდ აისბერგის წვერია
04/06/2024 19:01:28 პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, „MEGOBARI აქტის” ავტორმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ აშშ ანტიდემოკრატიულ ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს.
„უცხოეთის აგენტების კანონი [საქართველოს] მთავრობის ანტიდემოკრატიული კურსის აისბერგის წვერად მოჩანს” - თქვა მან და ასევე აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” ასევე ასუსტებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საბოლოოდ ძირს უთხრის სასამართლო სისტემას და თავს ესხმის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მათ ოჯახებს.
საქართველოს მთავრობა “აქტიურად უჭერს მხარს ომის დამნაშავე ვლადიმირ პუტინს და სხვა ავტორიტარულ ლიდერებს” - განაცხადა ჯო უილსონმა. მან ასევე ახსენა ჩინეთთან ურთიერთობებიც.
„სამწუხაროდ, ეს ძლიერი კავშირი ბოლო პერიოდში თავდასხმის საგანი გახდა მმართველი “ქართული ოცნების” მხრიდან, რომელიც [პარტიის] დამფუძნებელი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება. „ქართულმა ოცნებამ” ღიად უარყო ქართველი ხალხის დიდი ხნის განმავლობაში არსებული დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევანი პუტინისტური „უცხოური აგენტების კანონის” პარლამენტში გატანით, თვეების განმავლობაში მიმდინარე მასობრივი პროტესტების მიუხედავად.
ამ კანონის ღია მიზანია ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და მედიისთვის ძირის გამოთხრა, სტიგმატიზება და უთანხმოების გამომხატველი ალტერნატიული აზრებისთვის პლატფორმების ჩახშობა. რაც უფრო უარესია, ეს „უცხოური აგენტების კანონი”, როგორც ჩანს, მთავრობის ანტიდემოკრატიული გადახვევის აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. დამატებითი გადაწყვეტილებები და კანონპროექტები ანადგურებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჯერ კიდევ დარჩენილ დამოუკიდებელ ნაწილებს, ბოლომდე მიჰყავთ სასამართლო სისტემის დაპყრობა. სამოქალაქო საზოგადოების მოქმედ პირებსა და აქტივისტებს, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებს, გამუდმებით ემუქრებიან და აშინებენ, და ფიზიკურადაც ესხმიან მთავრობასთან დაკავშირებული კრიმინალები. ოპოზიციის ოფისებზე თავდასხმები იყო, ისინი ვანდალურად დაამტვრიეს”, - თქვა უილსონმა.
კონგრესმენმა თქვა, რომ მიესალმება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სავიზო აკრძალვებთან დაკავშირებით.
მის შემდეგ სიტყვით გამოვიდა დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი, რომელმაც გაიხსენა - 2012 წელს იმყოფებოდა საქართველოში, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილი პენიტენციურ სისტემას “დრაკონულად” მართავდა, იყენებდა საკუთარი მოქალაქეების დასასჯელად, ბიძინა ივანიშვილი კი “კარგი რეფორმატორის” შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა ეს "ოცნება" აღმოჩნდა და ახლა , “ქვეყანა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების დაჩაგვრას ცდილობს, დემოკრატია არ გახლავთ. ეს არ შეესაბამება დასავლურ ღირებულებებს” - დასძინა სტივ კოენმა.
დღევანდელ მოსმენაში მათ შორის, მონაწილეობენ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე, ფონდ "ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.
შეგახსენებთ, რომ MEGOBARI აქტის ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.
ჰელსინკის კომისიამ, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს, ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე დაარეგისტრირა „MEGOBARI აქტი”. ის მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ და მათი დარღვევისთვის სანქციებსაც ითვალისწინებს.