ჩინეთმა ხმა არ მისცა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას

05-06-2024 00:46:35 პოლიტიკა

2024 წლის 4 ივნისს ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 64 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

რეზოლუციას 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი (გასულ წელს 100–მა), თუმცა მათ შორის არ არის ჩინეთი, რომელთანაც საქართველომ დაამყარა სტრატეგიული პარტნიორობა – ჩინეთმა თავი შეიკავა. ამგვარი პოზიცია დაიკავა პეკინმა გასულ წელსაც მიუხედავად ურთიერთობების სტარეგიული დონემდე ამაღლებისა. თავი ასევე შეიკავეს ისრაელმა, ირანმა, ყაზახეთმა.

წინააღმდეგ მისცა ხმა 9 ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა და ბელარუსმა, სირიამ, ნიკარაგუამ.

მხარდამჭერებს შორის პირველად არის სომხეთი. რეზოლუციას მხარი დაუჭირა აზერბაიჯანმა, თურქეთმა, უკრაინამ, აშშ–მა, იაპონიამ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, მათ შორის, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა.

ასევე ტუვალუმ, რომელმაც ჯერ 2011 წელს აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად", ხოლო 2014 წელს უკან გაიწვია მთავრობის გადაწყვეტილება.

"78-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", მხარდაჭერის აქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებლით - 103 ხმით. რეზოლუციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჰუმანიტარული განზომილების კუთხით. დიდი მადლობა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის," - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი X- ის პირად გვერდზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები