
დღეიდან აშშ მექსიკიდან მიგრანტების მიღებას შეზღუდავს
05/06/2024 10:37:35 მსოფლიო
დღეიდან ძალაში შევიდა აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულება, რომლის თანახმად, მექსიკიდან ამერიკაში არალეგალურად ჩასული პირებისთვის თავშესაფრის მიცემა შეიზღუდება.
"ამერიკის, როგორც მიგრანტების მიმღები ქვეყნის დასაცავად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეს ახლავე უნდა გაკეთდეს", – განაცხადა ბაიდენმა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რომელიც თეთრი სახლის ვებ–საიტზე გამოქვეყნდა, შემზღუდავი ზომები იმოქმედებს სამხრეთის საზღვრის გადატვირთვის შემთხვევებში, როცა მიგრანტების რაოდენობა გადააჭარბებს შესაბამისი სამსახურების შესაძლებლობებს, დროულად მიიღონ საჭირო ზომები. ასეთ დროს მათ ექნებათ მიგრანტების სწრაფად დეპორტაციის უფლება.
ოფიციალურად გამოქვეყნებულ დოკუმენტში კონკრეტული რიცხვები დასახელებული არ არის. სააგენტო Reuters პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმირებულ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ შეზღუდვა ამოქმედდება, თუ კვირის განმავლობაში ამერიკა-მექსიკის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთისთვის ყოველდღიურად დაკავებული მიგრანტების რიცხვი 2500-ს გადააჭარბებს. შემზღუდავი ზომა გაუქმდება, თუ ეს რაოდენობა 1500-ზე ნაკლები იქნება.
მექსიკიდან აშშ-ში არალეგალურად ჩასვლას ცდილობენ მიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან. 2023 წლის დეკემბერში მიგრანტების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს - დღეში 10 000-ს მიაღწია.
CNN-ის ინფორმაციით, ბოლო დროს აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურად აკავებენ 4000-მდე მიგრანტს.