
მოქალაქე, რომელსაც წილოსანი "ადევნებაში" ადანაშაულებს, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოჰკითხეს
05/06/2024 12:46:12 სამართალი
მოქალაქე დავით კუპრავა, რომელსაც „ქართული ოცნების” წევრი დეპუტატი "ადევნებაში" ადანაშაულებს, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოჰკითხეს.
კუპრავას თქმით, "კითხვები ისეთივე აბსურდული იყო როგორც თავად ბრალდება".
„როგორი აბსურდული ბრალდებაც იყო, როგორი აბსურდული და შეთითხნილი საქმეც იყო, ზუსტად ისეთი აბსურდული კითხვები დაისვა: სად ვიყავი? რატომ ვიყავი? ვიცნობდი თუ არა ნინო წილოსანს? აქამდე ჩავსაფრებივარ თუ არა ოდესმე? წინასწარი მქონდა თუ არა ეს დაგეგმილი და საერთოდ რატომ ვიმყოფებოდი იქ? მას შემდეგ, რაც ვუთხარი, რომ ჩემს მეუღლესთან ვიყავი, კითხვები წამოვიდა შემდეგი სტილის, თუ რაში ვეხმარებოდი ჩემს მეუღლეს, რატომ მივედი ამ ტერიტორიაზე და ა.შ.," – განაცხადა კუპრავამ "ფორმულას" ეთერში.
მისივე თქმით, გამოძიებას მკაფიოდ აუხსნა, რომ იმ ტერიტორიაზე უკვე 2 წელია, ყოველდღიურად გადაადგილდება.
"მას შემდეგ, რაც მე სახლის მიმართულებით მივდიოდი, დავინახე, როგორ აძლევდა ინტერვიუს იგი [ ნინო წილოსანი] თავის პროპაგანდისტულ არხებს. მას შემდეგ, რაც დავუსიგნალე და დავუძახე, რომ იყო მოღალატე, გადაიღო ვიდეო იმედის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, გადაუგზავნა ქალბატონ ნინო წილოსანს და მან დადო Facebook-ზე "პოსტი", რომ თითქოს მე მას ჩავუსაფრდი, ვუთვალთვალებდი, ავედევნე, რაც თავისთავად აბსურდულია. მე მაშინვე გამოვეხმაურე კომენტარებში და დავუწერე, რომ ქალბატონო ნინო, მე ვარ ის ბიჭი და არც ფაშისტი ვარ და მით უმეტეს, არც თქვენ აგდევნებივართ-მეთქი. რის შემდეგაც, ქალბატონმა ნინომ ცილისწამების ახალი კამპანია დაიწყო, წავიდა კრიმინალურ პოლიციაში, დაწერა განცხადება და მიჩივლა.მას შემდეგ, რაც მე დამიკავშირდნენ, უარი განვაცხადე ჩემი უნდობლობის გამო უწყებების მიმართ და მოვითხოვე მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვა. [...] მე სასამართლოს და შსს-ს წარმომადგენლებს მოვახსენე, რომ ქალბატონი ნინო წილოსანი პირიქით აქეთ არის კრიმინალის ჩამდენი”, – განაცხადა მან.