ბიზნესმენი სოსო ბაბაევი: ნაცემს არაადამიანურად მეპყრობოდნენ, ოპერაციას ხელმძღვანელობდა "ტლაპო", რომელიც შევარდნაძის დროიდან შეჩვეულია "ჩადებებს"

06-06-2024 12:50:39 სამართალი

გორში დაკავებული ბიზნესმენი სოსო ბაბაევი აცხადებს, რომ მას დაკავების შემდეგ არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე ისაუბრა.

"ეს არის სუფთა პოლიტიკური ანგარიშსწორება და ეს ფაქტი ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვარ და რუსული რეპრესიები, რუსული რეჟიმი მალე დამთავრდება. ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა მეტსახელად "ტლაპო" შევარდნაძის დროიდან და კიდევ უფრო ადრე, შეჩვეულია "ჩადებებს", ხალხის ასე გაუბედურებაშია გაზრდილი და იმ ღამეს რაც გააკეთეს, ყველაფერი არის აღბეჭდილი მათივე ტელეფონებში – ნაცემს როგორ არაადამიანურად მეპყრობოდნენ, ამ ყველაფერს აფიქსირებდნენ ვიდეოდ და უგზავნიდნენ ხელმძღვანელ "ტლაპოს". ეს ტანსაცმელი ჩემი ნებით რომ არ მივეცი, გაბრაზდნენ, ძალით შემომახიეს [ტანსაცმელი] განყოფილებაში, საცვალიც კი შემომახიეს. შიშველ ადამიანს მეუბნებოდნენ, იყავი ეხლა ეგრეო", –განაცხადა, "მთავარი არხის" ცნობით, ბაბაევმა სასამართლო პროცესზე.

ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი სოსო ბაბაევი გორში 4 ივნისის საღამოს დააკავეს. მისი ადვოკატი და ახლობლები ფიქრობენ, რომ ბაბაევი „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება. მოგვიანებით, ადვოკატმა კახა კალმახელიძემ ბაბაევი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა. ბაბაევის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ დაკავებული ნაცემია, ხოლო ავტომატი და პისტოლეტი მანქანაში მას პოლიციამ ჩაუდო.

სოსო ბაბაევი გორში ფლობს ბარ „ბლექ სთარს“, რომელშიც აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადახაზული ფოტოები განათავსა და მათ იქ შესვლა აუკრძალა. რესტორნის ღობეზე გამოფენილია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაწყებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გადაზიდვას გულისხმობს და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები