
სებ–მა შესაძლოა, ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან დაკავშირებით რეგულაციებს გადახედოს
29/05/2019 09:48:51 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკური ზრდის ტემპი მოსალოდნელზე დაბალი იქნება, სებ–მა შესაძლოა ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან დაკავშირებით რეგულაციებს გადახედოს.
ამის შესახებ კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
„როდესაც ვსაუბროთ ეკონომიკურ ეფექტზე, ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდზე. ის ზრდა, რომელიც ჩვენ გვქონდა, იყო ჭარბი და შეიძლებოდა მას შეექმნა ფინანსური სტაბილურობის რისკები საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში, რადგანაც თუ მოხდებოდა ამ რისკების დაგროვება ზომების მიღების გარეშე, ის აუცილებლად მომავალში იჩენდა თავს. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ იპოთეკურ სესხებათან დაკავშირებულ მიმდინარეობას და უძრავი ქონების ტრანზაქციებთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებს. თუ შევნიშნეთ, რომ ზრდის ტემპი, რაც დროთა განმავლოაბში არის ამაზე დაბალი, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით, შესაძლებელი იქნება ამასთან დაკავშირებით ზომების მიღება. მაგრამ აქ არის ერთი ფაქტორი, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება – ეს არის თავად 2018 წლის ფაქტორი, როგორც საბაზისო პერიოდის. სიფრთხილე არის საჭირო იმისთვის, რომ 2018 წელთან შედარებამ სწორი ანალიზი მოგვცეს. 2018 წელს, რადგანაც მოსალოდნელი იყო, რომ რეგულაციები იქნებოდა მისაღები, უფრო მზარდი და მაღალი ზრდა ახასიათებდა საკრედიტო პორტფელს, აქედან გამომდინარე, როცა ვადარებთ წლევანდელი წლის ინფორმაციას გასული წლის პერიოდს, ეს უკვე საკმაოდ დიდ განსხვავებას ქმნის, 2018 წელმა შესაძლოა, საკმაოდ დაამახინჯოს ის ციფრები, რომლითაც ანალიზი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.