Accentnews.ge
ევროპის საბჭოს ანგარიში: საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპაში კვლავ მეორე ადგილზეა

ევროპის საბჭოს ანგარიში: საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპაში კვლავ მეორე ადგილზეა

06/06/2024 11:11:56 სამართალი

ყოველ 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპის საბჭოს ქვეყნებში კვლავ მეორე ადგილზეა და პატიმრობის ვადებითაც აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებელს, – ამის შესახებ ნათქვამია "პენიტენციური სისტემის სტატისტიკის შესახებ" ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 2022 წლის 31 იანვრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.

დოკუმენტის თანახმად, ყოველ 100 000 მოსახლეზე საქართველოში მოდის 256 პატიმარი, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ევროპული საშუალო მაჩვენებელი 124 პატიმარია, მედიანური კი - 107;

ანგარიშის მიხედვით, პირველი 5 ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტი პატიმარი ჰყავს, ასე გამოიყურება: თურქეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა და უნგრეთი.

რაც შეეხება პატიმრობის ხანგრძლივობას, საანგარიშო პერიოდში პატიმრობის საშუალო ხანგრძლივობა ევროპის ქვეყნებში საშუალოდ 10,1 თვე იყო, საქართველოში კი – 13,5 თვე. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ კატეგორიაში პორტუგალიას (30.2 თვე), აზერბაიჯანს (27.2), უკრაინას(26.1) და მოლდოვას (25.3) ჰქონდათ.

საანგარიშო პერიოდში საქართველოში სულ 9,568 პატიმარი იყო.

ევროპის საბჭოს ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 1 მლნ ადამიანს სცდება, პატიმრების საშუალო ასაკი 38 წელი იყო.

ყველაზე ახალგაზრდა (პატარა ასაკის) პატიმრები ბულგარეთში (33), შვედეთში (34), საფრანგეთში (35) და დანიაში (35), ხოლო ყველაზე „ხანდაზმულები“ (დიდი ასაკის) სერბეთში (50), საქართველოში (44), იტალიაში (43), პორტუგალიაში ( 41) და ესპანეთში (41) ჰყავთ.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში მსჯავრდებულთა თითქმის მეოთხედი სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის.

დანაშაულის სტატისტიკაზე საუბრისას, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ყველაზე დიდი წილი (32%) „სხვა დანაშაულებებზე“ მოდის, რასაც მოჰყვება ნარკოდანაშაული (23,1%), ქურდობა (20,6%), თავდასხმა (16,4%) და ძარცვა (14,6%).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S