რას გვეუბნება აქტივისტის მოსამართლე დარბაიძის მიერ "დაშლილი" საქმე

06-06-2024 18:30:11 საზოგადოება ,ეს საინტერესოა

როდესაც მოქალაქე ხედავს, რომ მოსამართლე იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, მას უჩნდება დაცულობის განცდა – განცდა, რომ სახელმწიფო ან გავლენიანი პირი მას ვერ დაჩაგრავს. სწორედ მოსამართლე უნდა იდგეს მოქალაქის სადარაჯოზე, – ამბობს „აქცენტთან“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი გორელი ბიზნესმენის, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აქტივისტის იოსებ ბაბაევის საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ლევან დარბაიძის გადაწყვეტილების კონტექსტში დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობაზე საუბროსას.

იოსებ ბაბაევი 5 ივნისს დააკავეს. როგორც შემდეგ ამტკიცებდნენ, პოლიციელებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარეს ჩხრეკა, ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიების სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაწყების თაობაზე, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. თავად ბაბაევი საუბრობდა არაადამიანურ მოპყრობაზე (ფიზიკური ძალადობის კვალი შესამჩნევი იყო ვიზუალურადაც, როდესაც დაკავებული სასამართლო დარბაზში წარადგინეს) და პოლიციას ადანაშაულებდა „იარაღის ჩადებაში“.

უკვე 6 ივნისს მოსამართლე ლევან დარბაიძემ იოსებ ბაბაევის საქმეზე ჩატარებული ყველას საგამოძიებო მოქმედების შედეგად „მიღებული ინფორმაცია, ნივთები და საგნები დაუშვებელ მტკიცებულებებად“ ცნო, შესაბამისად, სრულიად გამოაცალა საფუძველი ახალგაზრდა კაცის დაკავებას.

  • "წარმოდგენილი მასალებით და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საპროცესო კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით. იმ პირობებში, როდესაც კანონის მოთხოვნის შესაბამისად, არსებობდა აუცილებლობა რომ ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარებულიყო საგამოძიებო მოქმედების კანონიერება, ასახულიყო თითოეული მოქმედება ვიდეოჩანაწერით, ან გარეშე პირის დასწრებით – ამის ობიექტური შესაძლებლობა ნამდვილად არსებობდა – ეს მოთხოვნა დარღვეულია.
  • ასევე საეჭვოა პირადი ჩხრეკის ოქმში სასამართლო პროცესზე გამოვლენილი გარემოება. აშკარად ოქმში ჩამატებულია კონკრეტული ფრაზა, რაც მანამდე სასამართლოში წარმოდგენილ დოკუმენტში არ იყო",– თქვა მოსამართელმ.

მოსამართლემ ასევე თქვა, რომ ვერ გაქარწყლდა ეჭვი დაკავებულისადმი არაადამიანური მოპყრობის თაობაზე:

  • "ტანსაცმლის ამოღების დროს, საგამოძიებო ოქმის შედეგად და მიღებული განმარტებებით ვლინდება, რომ ამ მოქმედების დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მიმართა არაადამიანურ მოპყრობას, რაც ვერ გაქარწყლდა როგორც წარმოდგენილი მასალებით, ასევე საგამოძიებო ოქმში ასახული გარემოებებით".

დარბაიძე დადგა ადამიანის უფლებების სადარაჯოზე – ასე გამოჩნდა ამ გადაწყვეტილებით,– თქვა „აქცენტთან“ ჯანეზაშვილმა.

ჯანეზაშვილი წლებია, სწავლობს ქართულ სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას და გვიზიარებს მოსამართლე დარბაიძის საქმიანობაზე საკუთარ დაკვირვებას:

„ეს არის ძალიან ღირსეული და პროფესიონალი მოსამართლე! ყოველდღიურად თბილისიდან უწევს გორში მგზავრობა – ეს წლებია, გრძელდება და მოსამართლეებისთვის მარტივი არაა. შეტანილი ჰქონდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რამდენჯერმე მოთხოვნა, რომ გადაეყვანათ, მაგრამ ვინაიდან „კლანის“ წევრები თავისიანად არ მიიჩნევდნენ, პოზიტიური გადაწყვეტილება არ მიიღეს, საბოლოო ჯამში არ გაითვალისწინეს მისი ინტერესი. სხვა შემთხვევებში კი ვიცით უამრავი მაგალითი, როდესაც მოსამართლეები გადმოიყვანეს თბილისში, როდესაც ეს სჭირდებოდათ და ცდილობდნენ, მათთვის გარკვეული ნორმალური პირობები შეექმნათ. ამ ადამიანს კი პირიქით, ამყოფებენ საკმაოდ სტრესულ ვითარებაში: ყოველდღიურად ამ მანძილზე სიარული, მუშაობა, საქმის განხილვა შესაძლებელია, მაგრამ არაა მარტივი როდესაც ეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება.

გამორჩეული მოსამართლეა პროფესიონალიზმით. საინტერესოა მისი საქმიანობა ბავშვთა უფლებებზე, თავად მართავს ღონისძიებებს, ცდილობს, აკადემიურ სფეროში იყოს აქტიური – ძალიან ბევრი კუთხით არის ორიენტირებული თვითგანვითარებაზე, თავისი ცოდნისა თუ გამოცდილების სხვებისთვის გაზიარებაზე, რაც იშვიათი შემთხვევაა. ამას ემატება ისიც, რომ მას გააჩნია პასუხისმგებლობის განცდა და დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამას მოწმობს – სისტემიდან ამოვარდნილია და სამწუხაროდ, ამას საქართველოში ჩვენ მიჩვეულები არ ვართ: იშვიათად გვაქვს ფუფუნება, როდესაც მოსამართლე გავლენების გარეშე იღებს გადაწყვეტილებას –ეს აშკარად ჩანს“.

ის განმარტავს, რომ აბსოლუტურად ხილვადია, როდესაც მოსამართლე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას:

„ჩვენ შეიძლება ვერ ვხედავთ, ვინ ვინ კაბინეტში შედის და ახდენს ზეწოლას, მაგრამ ეს აშკარად ჩანს გადაწყვეტილებებიდან, ვერავის მოატყუებენ! ამ შემთხვევაში აშკარად ჩანს, რომ მოსამართლემ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, რომელსაც არა მხოლოდ დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმიც სჭირდება – როდესაც სპეციფიკურია საქმე, ძალიან ბევრ დეტალზეა ყურადღება გასამახვილებელი, სპეციალური ცოდნა, გამოცდილება სჭირდება მოსამართლეს და ეს ჩანს გადაწყვეტილებებში!“.

პროკურორი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, მაგრამ ბაბაევმა საპატიმრო 6 ივნისს, დღის მეორე ნახევარში დატოვა.

როგორც „აქცენტს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სსკ–ის 333–ე მუხლის 3 ნაწილის ბ –ქვეპუნქტით – სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ამ შემთხვევაში სავარაუდოდ, საუბარია ბაბაევის განცხადებაზე მასზე ფიზიკური ძალადობის თაობაზე. რაც შეეხება მტკიცებულებების გაყალბებას, რაზეც ასევე საუბრობს ბაბაევი, უცნობია, დაინტერესდა თუ არა გამოძიება ამ ეპიზოდით, ასევე პოლიტიკური შეხედულებების გამო შესაძლო დევნის ნაწილით.

ადვოკატმა „აქცენტს“ უთხრა, რომ ბაბაევი 5 ივნისს გამოიკითხა.

„ვნახოთ, ვის პასუხისმგებლობის საკითხს დაადგენენ“,– დასძინა ადვოკატმა კახა კალმახელიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები