
კრემლის პროპაგანდისტებს ჰააგაში უჩივლეს
07/06/2024 06:25:18 მსოფლიო
ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) უჩივლა რუს პროპაგანდისტებს.
უფლებადამცველები კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს – ვლადიმირ სოლოვიოვს, დმიტრი კისელიოვს, მარგარიტა სიმონიანს და სერგეი მარდანს და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს დმიტრი მედვედევს უკრაინის მიმართ სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებენ.
FIDH-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ალექსეი გრომოვი დასახელებულია პირად, რომლის უშუალო მითითებით ხდება მედიით პროპაგანდისტული მასალების გავრცელება.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ICC-ს პროკურორს მიმართავს, ამ პირების წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება.
მართალია, რომის სტატუტით, რომლითაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ხელმძღვანელობს, სიძულვილის ენა დანაშაულად ჯერჯერობით არ ითვლება, მაგრამ უფლებადამცველებს პრეცედენტის შექმნა სურთ. უფლებადამცველების შეფასებით, სიძულვილის ენა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად უნდა გამოცხადდეს, რადგან მას დიდი წვლილი შეაქვს ომის გაჩაღებასა და გამართლებაში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ჰააგაში მდებარეობს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საქმეს იძიებს და უკვე გაცემული აქვს დაპატიმრების არაერთი ორდერი, მათ შორის კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ.