
მედია: რუსეთი ვენესუელის და კუბის პორტებში სამხედრო გემებს გაგზავნის
07/06/2024 12:29:27 მსოფლიო
რუსეთი კარიბის ზღვაში სამხედრო წვრთნებს გამართავს,- წერს „ასოშიეთედ პრესი“.
გამოცემის ცნობით, რუსული სამხედრო ხომალდები და თვითმფრინავები კარიბის ზღვაში უახლოეს კვირებში ჩავლენ და იქ ზაფხულის ბოლომდე დარჩებიან.
მათ გადაადგილებას მეთვალყურეობას აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტი გაუწევს.
ვარაუდობენ, რუსული გემები შევლენ ვენესუელის და კუბის პორტებში.
„ასოშიეთედ პრესის“ თანამოსაუბრე აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით ვლადიმირ პუტინი ცდილობს, აჩვენოს მსოფლიოს, რომ რუსეთის ფლოტს შესწევს ძალის დემონსტრირება გლობალურ ასპარეზზე, იმის მიუხედვად, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა უკრაინის არმიის თავდასხმების შედეგად.
მედიის ცნობით, კუბის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მომდევნო კვირაში ჰავანის პორტში შევა რამდენიმე რუსული ხომალდი და ასევე, წყალქვეშა ნავი „ყაზანი“, თუმცა ის ბირთვული იარაღით არ იქნება აღჭურვილი.
აშშ-ის კონგრესი რუსეთის მიერ კარიბის ზღვაში დაგეგმილი სამხედრო წვრთნების შესახებ 5 ივნისს იყო ინფორმირებული. ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ რუსული სამხედრო ხომალდები კარიბის ზღვის აუზში ზაფხულის ბოლომდე დარჩებიან.