"იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა არ მიიღეს საკმარისი ზომები, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო ობიექტურობა და სამართლიანობა"

09-01-2020 16:19:39 პოლიტიკა

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელ დაფიქსირებულ ხარვეზებზე მიანიშნა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

„რეფორმები, რომლებიც საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის რეგულაციას უზრუნველყოფს, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა ისინი ვერ უზრუნველყოფენ მიუკერძოებელ პროცესს პარტიული პოლიტიკის გავლენის გარეშე“, – აღნიშნულია ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე საუბარია, რომ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით საბოლოო პლენარული ხმის მიცემა მიუხედავად პოლიტიკური კრიზისის, ოპოზიციის ბოიკოტისა და პროცესის გადადების მოთხოვნისა, მაინც გაიმართა. ამასთან ერთად, აღნიშნულია, რომ არსებულ პოლიტიკურ გარემოში პროცესის გაგრძელების გადაწყვეტილება, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხელისუფლების გულწრფელობას, ღია და გამჭვირვალე პროცესის არსებობასთან დაკავშირებით, რომელსაც ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება და საზოგადოებაში სასამართლო სისტემის ნდობას აამაღლებს.

„ჩვენ გვთხოვეს, საქართველოში პოლიტიკური განვითარების კრიტიკულ პერიოდში ქვეყანაში მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი შეფასება გაგვეკეთებინა. ჩვენ გამოვავლინეთ რიგი ხარვეზები, რომლებსაც იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლებასთან უახლოეს მამავალში განვიხილავ. ჩვენი რეკომენდაციით, ვცდილობთ, მოსამართლეების დანიშვნის საკითხში გაუმჯობესება შევიტანოთ. უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი გადაწყვეტილება კოლეგიალურ გარემოში უნდა იქნას მიღებული“, – აღნიშნავს ხელმძღვანელი ინგიბიორგ სოლრუნ გისლადოთირი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების წაყენების პროცესის და დანიშვნასთან დაკავშირებით პირველი ანგარიშის დასრულების შემდეგ მონიტორინგის ჯგუფი განაგრძობდა 20 კანდიდატის მოსმენებს, კომიტეტში ხმის მიცემის პროცესებს და ფინალურ პლენარულ ხმის მიცემას. ცალკეული პოზიტიური ასპექტების მიუხედავად, საერთო შეფასებამ აჩვენა, რომ არც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და არც პარლამენტმა არ მიიღეს საკმარისი ზომები იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო ობიექტურობა და სამართლიანობა.

​განცხადებაში ასევე საუბარია, პროცესის პოზიტიურ მხარეებზე, რომელშიც პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსმენები ღია და გამჭვირვალე იყო. შედეგად კი, კანდიდატების და მთელი პროცესის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყო. ამასთან ერთად პარლამენტმა მიიწვია საკვანძო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ომბუდსმენის ოფისი, სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიური წრეები ყველა. ამან კი, მოსმენების გამჭვირვალობაზე დადებითი გავლენა იქონია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები