
სოხუმში ისევ დაძაბულობაა – დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობაში გადაინაცვლეს
09/01/2020 14:40:55 კონფლიქტები
აქციის მონაწილეებმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პარლამენტის შენობაში გადაინაცვლეს.
„ოპოზიციური ძალების ბლოკი“ სპიკერთან შეხვედრას ელოდება. საპროტესტო აქციის მონაწილეები კი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებით ჩატარებას მოითხოვენ. შექმნილი ვითარების გამო დე ფაქტო აფხაზეთის უსაფრთხოების საბჭო საგანგებო შეხვედრას აწყობს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია დილიდან მიმდინარეობს. სოციალურ ქსელში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.
აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელშიც გამარჯვება ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.
დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაიმართა. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი 46,17. მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55 პროცენტით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.
დღეს ე.წ. უზენაესმა სასამართლომ აფხაზეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, „ამცახარას“ ოპოზიციური პარტიის ლიდერის ალხას კვიცინიას სარჩელის საკასაციო მოსმენა დაიწყო. კვიცინია ცდილობს, გააბათილოს არჩევნების შედეგები.