"ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის რეაქცია ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარ შედეგებზე

10-06-2024 15:59:53 პოლიტიკა

"ქართული ოცნებაში" ეხმიანებიან ევროპარლამენტში ჩატარებულ არჩევნებს და ამტკიცებენ, რომ "ევროპარლამენტის ფუნქციიდან გამომდინარე, ნაკლებად მნიშვნელოვანია თავად ევროპარლამენტში როგორი ძალთა გადანაწილებაა, ვინაიდან ევროკავშირის სხვა სტრუქტურებთან შედარებით ევროპარლამენტს ნაკლები პოლიტიკური წონა აქვს".

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ "ამ არჩევნების მთავარი გზავნილი არის, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან უნდა შეთანხმდნენ საერთო ევროპულ ინტერესებზე და არა პირიქით - მოახდინონ საერთო ინტერესების პროვოცირება ქვეყნის ინტერესებზე".

„ევროპარლამენტის ფუნქციიდან გამომდინარე, ნაკლებად მნიშვნელოვანია თავად ევროპარლამენტში როგორი ძალთა გადანაწილებაა, ვინაიდან ევროკავშირის სხვა სტრუქტურებთან შედარებით ევროპარლამენტს ნაკლები პოლიტიკური წონა აქვს. თუმცა აქაც ვატყობთ, რომ ტენდენცია უფრო კონსერვატორული პარტიების მიმართ არის გადახრილი. უფრო მნიშვნელოვანია თავად წევრ ქვეყნებში რა შედეგები იყო ამ მხრივ. ვნახეთ, რომ ამ არჩევნების გამო საფრანგეთში რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნა, ბელგიის პრემიერ-მინისტრი გადადგა და გერმანიაში მმართველმა კოალიციამ მესამე, მეოთხე, მეხუთე ადგილები დაიკავა. გარკვეულწილად ეს ამ ქვეყნებში მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლების პოლიტიკის შეფასებას აჩვენებს - იქნება ეს საფრანგეთი თუ გერმანია. ასევე, არის გარკვეული რეაქცია იმ პოლიტიკაზე, რომელიც მთავრობებს განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ჰქონდათ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა ყური დაუგდონ საკუთარი მოსახლეობის განწყობას და მათ შეფასებებს. ფაქტია, რომ ერთ-ერთი ტენდენცია კონსერვატორული მიდგომებისაა. მოსახლეობის მხრიდან ტრადიციული ღირებულებების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა. ამ ნეოლიბერალური მიდგომების მიმართ გარკვეული გადაღლაა, რომელსაც ხშირად ახვევენ თავს საკუთარ მოსახლეობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაა, რომ ახალგაზრდობა ევროპაში სულ უფრო მეტად უჭერს მხარს კონსერვატორულ, ტრადიციულ მიდგომებს. მათ შორის [ევროკავშირის] წევრ ქვეყნებშიც, რაც არჩევნებმაც აჩვენა, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდობა უფიქრდება, რაში მდგომარეობს ქვეყნის და ხალხის ინტერესები და აქედან გამომდინარე უყურებენ შემდეგ საერთო ინტერესებს", – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ "ე.წ. რადიკალური ლიბერალიზმი ევროპაში თავის პოზიციებს კარგავს":

"ევროპარლამენტის არჩევნებმა გამოაჩინა, რომ ე.წ. რადიკალური ლიბერალიზმი ევროპაში თავის პოზიციებს კარგავს და მის ადგილს ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად, მემარჯვენე ორიენტაციის მქონე პოლიტიკური ძალები იჭერს. რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა მიწისძვრა ევროპარლამენტში, მაგრამ განწყობების და პოლიტიკური ძალთა ბალანსის გადანაცვლება მარჯვენა მხარეს აშკარად გამოჩნდა".

"სხვადასხვა ქვეყნებში მემარჯვენეების, ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამ და წამყვან ადგილებზე მათმა პოზიციონირებამ, ბუნებრივია, აჩვენა, რომ ლიბერალური ფლანგი ბევრად უფრო სუსტად გამოიყურება ამ ქვეყნებში", – ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარ შედეგებს.

"ევროპულმა არჩევნებმა ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოააშკარავა და გამოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, დღეს, ევროპულ სცენაზე მთავარი პარტიები ისევ უმრავლესობით არიან წარმოდგენილი ევროპარლამენტში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მემარჯვენეების, ულტრამემარჯვენეების მიერ კონკრეტულ ქვეყნებში მოპოვებულო გამარჯვება, რაც გარკვეულწილად ახდენს და მოახდენს გავლენას ევროპული პოლიტიკის კლიმატზე. მნიშვნელოვანი იქნება ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგმება სწორედ ევროპული არჩევნების შემდგომ. ჩვენ ვნახეთ, რომ საფრანგეთში დაინიშნა ვადამდელი არჩევნები. ახლა მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ ჩამოყალიბდება კოალიციები ევროპარლამენტში, როგორ დაჯგუფდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, რამდენად ექნება ამ დაჯგუფებებს გავლენა ევროპარლამენტის პოლიტიკაზე და სხვადასხვა საკითხზე პოზიციების ფორმირებაზე. სხვადასხვა ქვეყნებში მემარჯვენეების, ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამ და წამყვან ადგილებზე მათმა პოზიციონირებამ, ბუნებრივია, აჩვენა რომ ლიბერალური ფლანგი ბევრად უფრო სუსტად გამოიყურება ამ ქვეყნებში და უფრო მეტად ხალხი მხარს უჭერს მემარჯვენეებს, ან ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ ძალებს. ეს შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ საკმაოდ ბევრ საკითხზეა საფიქრალი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ ელიტაში, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად არის საუბარი, რომ პოლიტიკური ელიტის პოზიციები არ ემთხვევა ხალხის პოზიციებს", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

თავის მხრი ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ "ქართული ოცნების“ მცდელობა, წარმოაჩინოს, თითქოს კონსერვატიული ძალების აწმყო დგება, არის მცდარი ნარატივი.

"გახარია საქართველოსთვის" წევრი დეპუტატი ბექა ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" წევრების განცხადებები აჩვენებს, რომ მათი ანალიზის უნარიც კი მოკლებულია ანალიტიკურ შესაძლებლობებს".

"ჩვენ ვისმენთ "ქართული ოცნების" აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელ ანალიზს, რომელიც გადართულია, რაღაცა კონსერვატიული ძალების გაძლიერების მესიჯბოქსზე, რომლითაც თავს იმშვიდებს. ღიმილისმომგვრელი და სასაცილოა - სად "ქართული ოცნება" და სად კონსერვატიული საკითხები და კონსერვატიული მოძრაობა საქართველოში? ეს ერთმანეთთან არათავსებადი და წარმოუდგენელი თაღლითობის მცდელობაა. ევროპარლამენტში არსებითად არაფერი შეცვლილა. პირველ ადგილზე კვლავ დარჩა "სახალხო პარტია", მეორე ადგილზე "სოციალ-დემოკრატები", მცირედი დანაკარგი ჰქონდა "მწვანეების" გაერთიანებას, თორემ დანარჩენი არანაირი ცვლილება არ მომხდარა. ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ანალიზის უნარიც კი მოკლებულია ანალიტიკურ შესაძლებლობებს, ვგულისხმობ, "ქართულ ოცნებას". ეს მცდელობა, თითქოს კონსერვატიული ძალების აწმყო დგება, არის მცდარი ნარატივი", - განაცხადა ლილუაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ "ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები ინარჩუნებენ გავლენას, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მხარს უჭერენ ევროკავშირის გაფართოებას".

"ახლა ქართველი ხალხის არჩევანია ყველაზე მნიშვნელოვანი. როგორც კი ქართველი ხალხი შეცვლის ივანიშვილის ძალადობრივ, რუსულ რეჟიმს, ევროპარლამენტის არჩევნებიც აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს გზა ხსნილი აქვს იქითკენ, რომ რეფორმების შედეგად, ძალიან სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი. აქ, შვედეთში წარმატებას მიაღწიეს ზუსტად იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ურყევად განვლილი ათწლეულების განმავლობაში და კვლავაც გააგრძელებენ ბუნებრივია მის მხარდაჭერას“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ამავე თემაზე: ევროპარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი კვლავ მემარჯვენე-ცენტრისტების ალიანსს ექნება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები