11-06-2024 11:25:13 საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტს ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ, ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტი სალომე ბარკერი ავრცელებს.
"შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას სახლთან დახვდნენ “აღშფოთებული მოქალაქეები” და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ", - წერს სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში (გაფრთხილება: "პოსტი" შეიცავს სენსიტიურ ფოტომასალას).
მისივე ინფორმაციით, ზუკა ბერძენიშვილი აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის "პოსტს", მან ზუკა ბერძენიშვილსა და სალომე ბარკერზე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაწერა, რომ ისინი პარლამენტის წევრებს "მუქარით და შეურაცხყოფით" ურეკავდნენ.
ზუკა ბერძენიშვილი რამდენიმე დღის წინ წერდა, ჩასაფრების შესახებ, რომელიც მას სოფელში მოუწყეს, თუმცა მაშინ თავის დაღწევა მოახერხა.
ცნობისთვის: ორ თვეზე მეტია, უცნობი პირები "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, აქტივისტებსა და მოქალაქეებს უსაფრთდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. არც ერთ მსგავს შემთხვევაზე შესაბამის უწყებებს დამნაშავეები დასჯილი არ ჰყავთ.