ბერძენიშვილის ექიმი: აღენიშნება სახის რბილი ქსოვილების ტრავმა, არის, მინიმუმ, ტვინის შერყევა

11-06-2024 15:00:27 საზოგადოება

ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმ ილია ოქროჯანაშვილის თქმით, თავდასხმის შემდეგ აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს სახის მიდამოს რბილი ქსოვილების ტრავმასთან ერთად, სავარაუდოდ, ტვინის შერყევაც აქვს.

"ძირითადად აღენიშნება სახის მიდამოს რბილი ქსოვილების ტრავმა. ამ ეტაპზე იმყოფება კვლევის პროცესში. დინამიკაში განვსაზღვრავთ მკურნალობის ტაქტიკას... არის, მინიმუმ, [ტვინის] შერყევა". - უთხრა ოქროჯანაშვილმა ჟურნალისტებს.

ექიმის თქმით, ბერძენიშვილს ახლა შესაბამისი კვლევები უტარდება, რის საფუძველზეც გადაწყვეტენ, დატოვონ თუ არა ის მკურნალობისთვის კლინიკაში.

თავდასხმა ბერძენიშვილზე დილით განხორციელდა, როდესაც ის სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა. თავდასხმის შედეგების ამსახველი ფოტო აქტივისტმა სალომე ბარკერმა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს სახეგასისხლიანებული ზურა ბერძენიშვილი.

სალომე ბარკერის პოსტის მიხედვით, თავდასხმა ბერძენიშვილის სახლთან მოხდა.

"შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ “აღშფოთებული მოქალაქეები” და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ", - წერს სალომე ბარკერი.

შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა, - იხსენებს აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.

ზუკა ბერძენიშვილი რამდენიმე დღის წინ წერდა, ჩასაფრების შესახებ, რომელიც მას სოფელში მოუწყეს, თუმცა მაშინ თავის დაღწევა მოახერხა.

დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა, და "ევროპის სახელით მიმდინარე", "ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანია" უწოდა მისი თქმით „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენებს. პაპუაშვილი გულისხმობს მოქალაქეთა რეაქციებს მმართველი პოლიტიკური გუნდის წვერების მიმართ: "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ მოქალაქეები საჯარო სივრცეში "მოღალატეებს" და "მონებს" უწოდებენ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონს.

ცნობისთვის: ორ თვეზე მეტია, უცნობი პირები "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, აქტივისტებსა და მოქალაქეებს უსაფრთდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. არც ერთ მსგავს შემთხვევაზე შესაბამის უწყებებს დამნაშავეები დასჯილი არ ჰყავთ. თუმცა, სახელმწიფო მყისიერად რეაგირებს სხვა შემხვევებზე. მაგალითად, მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილის თქმით, 9 ივნისის დილით"ხალხის ძალის" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეკამათების შემდეგ პოლიციამ აეროპორტში, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა; პოლიციაში იყო დაბარებული მოქალაქე დავით კუპრავა, რომელსაც პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს. "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე დააკავეს და დააჯარიმეს ათობით მოქალაქე, აღძრულია სისხმის სამართლის საქმეები, თუმცა პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტებზე პასუხისგებაში არც ერთი პირი არაა მიცემული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები