ზუკა ბერძენიშვილი: შევყავარ ოპერაციაზე

11-06-2024 15:13:19 საზოგადოება

სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, რომელსაც დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, ამბობს, რომ ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.

„სახლთან დამხვდნენ, უკნიდან წამაქციეს, მირტყეს და გაიქცნენ. შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე, კიდევ რაღაც პატარა ძვალი არის გატეხილი, მაგრამ არც საოპერაციოა და არც საშიში. სხვა ყველაფერი შევამოწმეთ და არაფერი მჭირს. ახლა ერთადერთი რამ მაინტერესებს, მოგვაპოვებინებენ თუ არა კადრებს კამერებიდან, რომელზეც პოლიცია უკვე ფეხს ითრევს“, - წერს ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

შსს–ს აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით.

თავდასხმა ბერძენიშვილზე დილით განხორციელდა, როდესაც ის სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა. თავდასხმის შედეგების ამსახველი ფოტო აქტივისტმა სალომე ბარკერმა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს სახეგასისხლიანებული ზურა ბერძენიშვილი.

სალომე ბარკერის პოსტის მიხედვით, თავდასხმა ბერძენიშვილის სახლთან მოხდა. ადვოკატი კვალიფიკაციას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მინიმუმ, განზრახ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით უნდა დაკვალიფიცირდეს, ვინაიდან ბერძენიშვილს ქირურგიული ოპერაცია სჭირდება. ადვოკატი დაელოდება მედიკოსების დასკვნასაც.

"შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ “აღშფოთებული მოქალაქეები” და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ", - წერს სალომე ბარკერი.

შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა, - იხსენებს აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.

ზუკა ბერძენიშვილი რამდენიმე დღის წინ წერდა, ჩასაფრების შესახებ, რომელიც მას სოფელში მოუწყეს, თუმცა მაშინ თავის დაღწევა მოახერხა.

დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა, და "ევროპის სახელით მიმდინარე", "ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანია" უწოდა მისი თქმით „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენებს. პაპუაშვილი გულისხმობს მოქალაქეთა რეაქციებს მმართველი პოლიტიკური გუნდის წვერების მიმართ: "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ მოქალაქეები საჯარო სივრცეში "მოღალატეებს" და "მონებს" უწოდებენ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონს.

ცნობისთვის: ორ თვეზე მეტია, უცნობი პირები "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, აქტივისტებსა და მოქალაქეებს უსაფრთდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. არც ერთ მსგავს შემთხვევაზე შესაბამის უწყებებს დამნაშავეები დასჯილი არ ჰყავთ. თუმცა, სახელმწიფო მყისიერად რეაგირებს სხვა შემხვევებზე. მაგალითად, მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილის თქმით, 9 ივნისის დილით"ხალხის ძალის" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეკამათების შემდეგ პოლიციამ აეროპორტში, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა; პოლიციაში იყო დაბარებული მოქალაქე დავით კუპრავა, რომელსაც პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს. "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე დააკავეს და დააჯარიმეს ათობით მოქალაქე, აღძრულია სისხმის სამართლის საქმეები, თუმცა პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტებზე პასუხისგებაში არც ერთი პირი არაა მიცემული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები