11-06-2024 17:04:56 პოლიტიკა
პარტიები "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროა" ზუკა ბერძენიშვილის ცემასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და პასუხისმგებლობას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს აკისრებენ.
"სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილის ცემა პირადად შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობაა და პარლამენტის თავმჯდომარე სისხლის სამართლის დამნაშავეა. მას შემდეგ, რაც პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ზუკა ბერძენიშვილი ექსტრემიზმში დაადანაშაულა, აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს იყო ადამიანის მიზანში ამოღება, წაქეზება, რაც, სამწუხაროდ, არც პირველია და არც უკანასკნელი. ხელისუფლება ყოველდღიურად ფიზიკურად უსწორდება კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც რუსულ რეჟიმს დისკომფორტს უქმნიან.
რეპრესიის მიუხედავად, საზოგადოება უპრეცედენტოდ ერთიანი და უკომპრომისოა. რუსულ რეჟიმთან ბრძოლას ვერანაირი მუშტი ვერ გააჩერებს. ყველამ, ვინც რეჟიმის ბინძურ დავალებას ასრულებს, უნდა იცოდეს, რომ ყველა მათგანის ვინაობა გასაჯაროვდება და კანონის წინაშე, დამკვეთებთან ერთად, აგებენ პასუხს". - წერია პარტიების განცხადებაში.
თავდასხმა ბერძენიშვილზე დილით განხორციელდა, როდესაც ის სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა. თავდასხმის შედეგების ამსახველი ფოტო აქტივისტმა სალომე ბარკერმა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს სახეგასისხლიანებული ზურა ბერძენიშვილი. თავდასხმა ბერძენიშვილის სახლთან მოხდა.
"შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ “აღშფოთებული მოქალაქეები” და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ", - წერდა სალომე ბარკერი.
შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა, - იხსენებს აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.
ზუკა ბერძენიშვილი რამდენიმე დღის წინ წერდა, ჩასაფრების შესახებ, რომელიც მას სოფელში მოუწყეს, თუმცა მაშინ თავის დაღწევა მოახერხა.
დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა, და "ევროპის სახელით მიმდინარე", "ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანია" უწოდა მისი თქმით „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენებს. პაპუაშვილი გულისხმობს მოქალაქეთა რეაქციებს მმართველი პოლიტიკური გუნდის წვერების მიმართ: "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ მოქალაქეები საჯარო სივრცეში "მოღალატეებს" და "მონებს" უწოდებენ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონს. მან, მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილზეც მიუთითა.
ცნობისთვის: ორ თვეზე მეტია, უცნობი პირები "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, აქტივისტებსა და მოქალაქეებს უსაფრთდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. არც ერთ მსგავს შემთხვევაზე შესაბამის უწყებებს დამნაშავეები დასჯილი არ ჰყავთ. თუმცა, სახელმწიფო მყისიერად რეაგირებს სხვა შემხვევებზე. მაგალითად, მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილის თქმით, 9 ივნისის დილით"ხალხის ძალის" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეკამათების შემდეგ პოლიციამ აეროპორტში, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა; პოლიციაში იყო დაბარებული მოქალაქე დავით კუპრავა, რომელსაც პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს. "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე დააკავეს და დააჯარიმეს ათობით მოქალაქე, აღძრულია სისხმის სამართლის საქმეები, თუმცა პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტებზე პასუხისგებაში არც ერთი პირი არაა მიცემული.