11-06-2024 17:22:38 პოლიტიკა
„გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მმართველი გუნდის ნარატივზე ისაუბრა, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ კრიტიკას, თუნდაც მწვავეს და კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებზე ორგანიზებულ ფიზიკურ თავდასხმებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს.
„ჩემთვის ძალიან ცუდი მოსასმენი იყო, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „თქვენ ჯინაზე შემიძლია პარლამენტიც გავაუქმო, რადგან ცუდად იქცევითო“, თუმცა იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა. ზუსტად იგივე ხდება ბოლო პერიოდის გავრცელებულ ნარატივთან დაკავშირებით, სადაც თქვენი ლიდერები ხშირად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ტერორს ახდენენ, შეურაცხყოფას აყენებენ და აბულინგებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს. მაშინ, როდესაც რეალურად თქვენი ფარული ლოცვა-კურთხევით ადამიანებს სცემენ. საუბარი სიტყვიერ ბულინგზე კი არ არის, არამედ ადამიანებს ფიზიკურად სცემენ - ასისხლიანებენ და საავადმყოფოში ხვდებიან. მაგალითად, ჩემი მშობლები ყოველდღე ელოდებიან, რომ შეიძლება გამლახონ და საავადმყოფოში აღმოვჩნდე. ანუ პროფესია პოლიტიკოსი და აქტივისტი ადამიანური ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დადგა თქვენი მმართველობის დროს. ამ დროს გამოდიხართ და ამბობთ, რომ თქვენ გაბულინგებენ, გინდათ რომ მსხვერპლი თქვენ გამოხვიდეთ და არა ის ხალხი, რომელიც დასისხლიანებულია საავადმყოფოში“ , - კონსტანტირებს იაგო ხვიჩია.
აღნიშნულს პაპუაშვილმა ცილისწამება უწოდა, მიუხედავად პოლიტიკოსებზე თუ აქტიურ მოქალაქეებზე თავდასხმის შემთხვევების გამოუძიებლობისა და კვლავ ხელისუფლება წარმოადგინა მსხვერპლად. მან შეურაცხყოფა და ტერორი გაათანაბრა.
„თითქოს რაღაც დაორგანიზებულია უმრავლესობის თუ ხელისუფლების მხრიდან - ეს ცილისწამებაა, რადგან თქვენ ამისი თქმის საფუძველი არ გაქვთ. პირიქით, რაც შეეხება ზიზღის, ძალადობისა და ტერორის კამპანიას უმრავლესობის წინააღმდეგ, აქ ხილულად ვიცით რაც ხდება.
ხილულად ვიცით, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, ამ ორგანიზაციის თანამშრომლები ღიად არიან დაკავებული ტერორით. როდესაც ადამიანს ემუქრები ტყვიით, ურეკავ, შეურაცხყოფას საჯაროდ აყენებ - ეს არის ზუსტად ტერორი. თქვენ ამაზე რომ არ გაქვთ რეაგირება გასაგებია, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ამას ხაზი გაესვას“, - უპასუხა შალვა პაპუაშვილმა.
დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა, და "ევროპის სახელით მიმდინარე", "ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანია" უწოდა მისი თქმით „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენებს. მათ შორის ახსენა ზუკა ბერძენიშვილიც. პაპუაშვილი გულისხმობს მოქალაქეთა რეაქციებს მმართველი პოლიტიკური გუნდის წვერების მიმართ: "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ მოქალაქეები საჯარო სივრცეში "მოღალატეებს" და "მონებს" უწოდებენ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონს ამ „პოსტის“ გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ბერძენიშვილს საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს. ის ჰოსპიტალიზებულია.
შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა, - გაიხსენა ზუკა ბერძენიშვილმა მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ. გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.
ზუკა ბერძენიშვილი რამდენიმე დღის წინ წერდა, ჩასაფრების შესახებ, რომელიც მას სოფელში მოუწყეს, თუმცა მაშინ თავის დაღწევა მოახერხა.
ცნობისთვის: ორ თვეზე მეტია, უცნობი პირები "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და აქტივისტებს უსაფრთდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. არც ერთ მსგავს შემთხვევაზე შესაბამის უწყებებს დამნაშავეები დასჯილი არ ჰყავთ.
თუმცა, სახელმწიფო მყისიერად რეაგირებს სხვა შემხვევებზე. მაგალითად, მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილის თქმით, 9 ივნისის დილით"ხალხის ძალის" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეკამათების შემდეგ პოლიციამ აეროპორტში, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა; პოლიციაში იყო დაბარებული მოქალაქე დავით კუპრავა, რომელსაც პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს. "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე დააკავეს და დააჯარიმეს ათობით მოქალაქე, აღძრულია სისხმის სამართლის საქმეები, თუმცა პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტებზე პასუხისგებაში არც ერთი პირი არაა მიცემული.