
შსს: ძმებს, რომლებმაც ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეებზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
12/06/2024 06:24:31 სამართალი
ძმებს, რომლებმაც ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეებზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძმები – 1979 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1983 წელს დაბადებული გ.ხ. მუქარის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელი 1991 წელს დაბადებული მ.ბ. დაჭრა, შემთხვევის დროს დაზიანება მიიღო 1992 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მაც. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები, ცივი იარაღისა და სანადირო თოფის დემონსტრირებით ადგილობრივებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. ორივე ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და მუქარას გულისხმობს.გაზიარება“, – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოძრაობის „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ ცნობით, საღამოს 11 საათისთვის კარავში სანადირო თოფით და დანებით მივიდა ორი ადამიანი, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ბალდის კანიონში დაგეგმილი მშენებლობის ინვესტორი კომპანიის ვიდეოში გამოჩდნენ.
"ორი ნასვამი და შეიარაღებული ადამიანი თავს დაესხა კარავში მყოფებს. ეს ორი ადამიანი იყვნენ ზუსტად ისინი, რომლებიც ინვესტორმა თავის რამდენიმე კვირის წინ გადაღებულ ვიდეოში გამოიყვანა, სადაც კომენტარს აკეთებდნენ და შემდეგი ფაქტი დაფიქსირდა სოფელში. სოფლიდან დაგვირეკეს, რომ ეს ორი ძმა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება და შეიარაღებული დაძრწის. მიუვარდნენ ქვემოთ ადამიანებს შეიარაღებული და ერთ-ერთი თანასოფლელი, რომელიც სანადირო თოფის წართმევას ცდილობდა დაზარალდა. ვიცით, რომ ყურის არეში არის დაჭრილი.
კარავში საკმაოდ ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვები, როდესაც ესენი შეიარაღებულები მოვარდნენ. ერთ-ერთს ტყვიები ჰქონდა ასხმული სხეულზე და დანები ეჭირათ ხელში. პირდაპირ შემოვარდნენ დანის ქნევით, მაგრამ რაღაცნაირად მოვახერხეთ ამ ორი ადამიანის განეიტრალება. სიტუაცის იმ დროისთვის განვმუხტეთ. შემდეგ სასწრაფო და პოლიცია გამოვიძახეთ. ეს ორი ადამიანი არის ახლა პოლიციის ავოტმობილში. საბედნიეროდ, აქ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა ყველაფერმა“, – განაცხადა აქტივისტმა ცოტნე თვარაძემ.