
NBC: აშშ-ის რამდენიმე შტატში 8 პირი დააკავეს ISIS-თან კავშირისთვის
12/06/2024 09:57:45 მსოფლიო
8-9 ივნისს, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და ფილადელფიაში ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" (ISIS) შესაძლო კავშირში მყოფი 8 ტაჯიკი ეჭვმიტანილი დააკავეს,– იტყობინება NBC News.
გამოცემის ცნობით, ამჟამად უკვე დაკავებული მამაკაცები აშშ-ის ტერიტორიაზე სამხრეთის, მექსიკის საზღვრიდან შევიდნენ. საზღვრის კვეთის დროს მათი კრიმინალური წარსული არ დადასტურებულა.
NBC-ის წყაროების ცნობით, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ანტიტერორისტული ჯგუფი ეჭვმიტანილებს თვალს ადევნებდა და ისინი აშშ-ის მიგრაციისა და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა ISIS-თან პოტენციური კავშირების გამო დააკავა.
წყარო ამბობს, რომ დაკავებულები საიმიგრაციო სასამართლოს წინაშე წარდგებიან, მოგვიანებით კი, შესაძლოა ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალი წარუდგინონ.
იუწყებიან, რომ დაჯგუფებიდან მინიმუმ ორმა მამაკაცმა საზღვარი 2023 წლის გაზაფხულზე გადაკვეთა, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა CBP ONE აპლიკაცია გამოიყენა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ მიგრანტებისთვის თავშესაფრის მოთხოვნის პროცესის გასამარტივებლად შექმნა.