
პოლიციამ ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგე დააკავა
12/06/2024 11:15:45 სამართალი
პოლიციამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე – 31 წლის ინდიკო ბჟალავა მუქარის ბრალდებით დააკავა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ივნისს, ბრალდებული მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 41 წლის სოფო შავყულაშვილი, მათ შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ინდიკო ბჟალავას სიცოცხლის მოსპობის მუქარას აბრალებს სამშენებლო სამუშაოების ჩატარების მომხრე თანასოფლელი ქალი. ამასთან, როგორც დაკავებულის თანამოაზრეები აცხადებენ, ის 11 ივნისს მშენებლობის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმისთვის დაკავებული ერთ-ერთი კაცის ცოლია და რომ დილით თავად დარეკა ბჟალავასთან და პროვოკაციის მოწყობა სცადა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონთან, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის წინააღმდეგ გასული წლიდან დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარავია გაშლილი, 11 ივნისს, ღამეს თავდასხმა მოხდა. დაჭრილი არიან მშენებლობის მოწინააღმდეგე ძმები – ბალდის მცხოვრებლები მინდია და არჩილ ბჟალავები. ხოლო თავდასხმისთვის დააკავეს ასევე ბალდაში მცხოვრები ძმები – გელა და გიგა ხურცილავები, რომლებიც მშენებლობას უჭერენ მხარს.
ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგეები დარწმუნებულები არიან, რომ ძმები ხურცილავები კომპანია „კანიონ 350”-თან არიან კავშირში და რომ ინვესტორის წაქეზებით მოქმედებდნენ.
2022 წელს, სახელმწიფომ „კანიონ 350“-ს 40 წლის ვადით გადასცა ბალდის კანიონი, იქ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას თითქმის ერთი წელია, მართავენ. ისინი არსებული პროექტის შეჩერებას და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ახალი პროექტის შემუშავებას მოითხოვენ.
კომპანია „კანიონ 350“-ის ხელმძღვანელის გიორგი მერკვილაძის თანახმად, მოსახლეობას პროექტი გააცნეს და წინააღმდეგი არავინ ყოფილა. მერკვილაძე მიიჩნევს, რომ აქტივისტებს მშენებლობის შეჩერება სურთ იმ მიზნით, რომ შემდეგ თავად მიიღონ ფინანსური სარგებელი.
ბუნების ძეგლის სტატუსის მქონე ბალდის კანიონი დაცული ტერიტორიების სააგენტომ კერძო კომპანია „კანიონი 350“-ს იჯარით 2022 წელს გადასცა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კომპანია ვალდებულია, 3 მილიონამდე ლარის ინვესტიციით კანიონი აქციოს ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად და მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვიზიტორთა ცენტრი, 350 მეტრი სიგრძის როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი. პროექტის წინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ამ პროექტის შედეგად ბალდის კანიონი დაკარგავს ბუნებრივ სილამაზეს და მისი „ჩაბეტონება“ მოხდება. საპროტესტო აქციების გამო ბალდის კანიონზე მშენებლობის პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია.