
აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში სროლის ხმა ისმოდა
10/01/2020 07:41:00 კონფლიქტები
აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში დილით სროლის ხმა ისმოდა, თუმცა ე.წ. შს მინისტრი აცხადებს, რომ „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან“ სროლა არ ყოფილა.
„მე ადგილზე ვარ. არც ერთხელ არ გამიგია სროლის ხმა“,- ირწმუნება რაულ სმირი.
მისივე თქმით, სამართალდამცველების მთავარი ამოცანაა, არ დაუშვას ფიზიკური დაპირისპირება და სისხლისღვრა ოპოზიციისა და „მთავრობის“ მომხრეებს შორის.
შეგახსენებთ, აფხაზეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 9 იანვარს ოპოზიციის მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილებას და დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.
მოგვიანებით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა დადგენილების პროექტი მიიღეს, რომლითაც დე ფაქტო პრეზიდენტ მიმართავენ „სახელმწიფოს მეთაურის“ თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგეს, თუმცა რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს. ამ დროისთვის დემონსტრანტები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში იმყოფებიან.