
ტელეწამყვან გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულმა საპატიმრო და სავარაუდოდ, ქვეყანაც დატოვა
12/06/2024 16:16:11 სამართალი, საზოგადოება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიაზე თავდამსხმის საქმის ფარგლებშო დაკავებული ვასამბეგ ბოკოვი ვადაზე ადრე არ განთავისუფლებულა და რომ მას სასჯელის ვადა ამოეწურა.
„მან ამოწურა სასჯელის ბოლო ვადამდე, ანუ წინასწარი ან ვადამდელი განთავისუფლება არ მომხდარა... მუხლი, რასაც ითვალისწინებდა, ის სასჯელი მან მოიხადა. მგონი, მან უკვე დატოვა საქართველო“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
2020 წლის 15 ივნისს სუს-მა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა.
"ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა.
გამოძიების პროცესში, მტკიცებულებათა მოპოვებისა და სისხლის სამართლის საპროცესო წესით მათი დამაგრების მიზნით, მოსამართლის განჩინებათა საფუძველზე, ჩატარდა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება; ამასთან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ბრალდებული ვ. ბ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების ოპერატიული კონტროლი, რის შედეგადაც გამოიკვეთა კიდეც ვ. ბ.-ს მიერ დანაშაულის, კერძოდ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტი.
გამოძიების მიერ მოპოვებული, უტყუარი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანომ მიიღო ვ. ბ.-ს დაკავების გადაწყვეტილება, რის შედეგადაც, ერთის მხრივ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა დანაშაულში მხილებული პირი და იმავდროულად, თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული". – აცხადებდა სუსი.
2021 წელს ცნობილი გახდა, რომ ვასამბეკ ბოკოვი ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, ყალბი დოკუმენტების გამოყენების, ადევნების და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და რომ მას 4–წლიანი პატიმრობა მიესაჯა:
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, ყალბი დოკუმენტების გამოყენების, ადევნების და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე ბრალდებული მ.გ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ მ.გ.-მ, ვ.ბ.-ს სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით 2016 წლის 2 ოქტომბრიდან 2020 წლის 11 მარტამდე პერიოდში უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში ყალბ დოკუმენტებს იყენებდა. ასევე დადგინდა, რომ 2020 წლის 11 თებერვლიდან 2020 წლის 13 ივნისამდე პერიოდში მ.გ. სისტემატურად ახორციელებდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გ.გ.-ს უკანონო თვალთვალს და მის შესახებ პირადი ინფორმაციის მოპოვებას. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გ.გ. დაზარალებულად იყო ცნობილი. თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (9 ეპიზოდი), 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (7 ეპიზოდი), 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა."