
ბრიტანეთი "დიდი შვიდეულის" სამიტზე უკრაინისთვის 300 მლნ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას გამოაცხადებს
13/06/2024 06:09:58 მსოფლიო
დღეს იტალიაში, "დიდი შვიდეულის" სამიტზე ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი რიში სუნაკი გამოაცხადებს 242 მილიონი ფუნტის (დაახლოებით 310 მილიონი დოლარი) დახმარების პაკეტს უკრაინისთვის. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებ–გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მისივე ცნობით, დახმარება გამოცხადდება, რათა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს უკრაინის გადაუდებელ ჰუმანიტარულ, ენერგეტიკულ და სტაბილიზაციის საჭირობებს, ასევე გრძელვადიანი ეკონომიკური და სოციალური აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის საფუძვლის ჩასაყრელად.
"ჩვენ უნდა ვიყოთ გადამწყვეტი და კრეატიული ჩვენს მცდელობებში, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას და დავასრულოთ პუტინის უკანონო ომი ამ კრიტიკულ მომენტში. დიდი ბრიტანეთი რჩება საერთაშორისო რეაგირების წინა ხაზზე, როგორც ჩვენ თავიდანვე ვიყავით. "რამდენი დროც დასჭირდება"-დან უნდა გადავიდეთ "რაც არ უნდა იყოს საჭიროზე", თუ ჩვენ გვინდა დავასრულოთ ეს უკანონო ომი", – განაცხადა სუნაკმა სამიტის წინ.
13-14 ივნისს იტალიის აპულიის რეგიონში „დიდი შვიდეულის“ სამიტი გაიმართება.