
განათლების მინისტრი: სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედების გეგმა ერთ-ორ თვეში გამოცხადდება
13/06/2024 10:53:29 პოლიტიკა, საზოგადოება
განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარის განცხადებით, "უახლოეს მომავალში იქნება კონკრეტული ხედვა და გეგმა სასკოლო კვების მასშტაბური პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით". ამის შესახებ მან პარლამენტში “მინისტრს საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მან დააკონკრეტა, რომ გეგმა ერთ-ორ თვეში გამოცხადდება.
“საზოგადოებას მინდა, დავპირდე, უახლოეს პერიოდში, დაახლოებით ალბათ ერთ-ორი თვის ფარგლებში, ჩვენ უკვე შევძლებთ დეტალურად ვთქვათ კონკრეტული მოდელებით, კონკრეტული ვადებით, რომელ სკოლას, რომელ რეგიონში, როგორ დავიწყებთ სასკოლო კვების პროგრამას. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა და ჩვენ მზად ვართ, ამ უდიდეს გამოწვევასაც ვუპასუხოთ”, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
არსებული ინფორმაციით, მთელ საქართველოში ბუფეტი საჯარო სკოლების მხოლოდ 25%-ს აქვს. დანარჩენ სკოლებს სასადილოები არ აქვთ.