
ევროკავშირის საბჭო: ბლოკი ხელს შეუწყობს მესამე ქვეყნებიდან სამუშაოს მაძიებელთა დასაქმებას
13/06/2024 14:24:38 მსოფლიო
ევროკავშირი ხელს შეუწყობს მესამე ქვეყნებიდან სამუშაოს მაძიებელთა დასაქმებას, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
"დღეს საბჭო დათანხმდა 2023 წლის 15 ნოემბერს ევროპული კომისიის მიერ წარდგენილ წინადადებას "ევროკავშირის ნიჭიერთა ფონდის" შექმნის შესახებ. ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს ნიჭიერი მუშახელის დაქირავებას ევროკავშირის გარეთ მცხოვრები მესამე ქვეყნებიდან, გახადოს ევროკავშირის შრომის ბაზარი უფრო კონკურენტუნარიანი და აღმოფხვრას ევროპულ შრომის ბაზარზე არსებული მუშახელის დეფიციტი.
საბჭოს პოზიცია მიზნად ისახავს სამართლიანი დაქირავების პრინციპების შეჯერებას უსაფრთხო და ყოვლისმომცველ მიგრაციის სისტემასთან და ასევე ევროკავშირის პოზიციის გაძლიერებას ნიჭიერი მუშახელის მოზიდვის მიმართულებით.
- "ევროკავშირის ნიჭიერთა ფონდი"
მესამე ქვეყნებიდან სამუშაოს მაძიებლებს საშუალება ექნებათ, დაარეგისტრირონ თავიანთი პროფილები "ევროკავშირის ნიჭიერთა ფონდის" პლატფორმაზე და მიუთითონ ინფორმაცია თავიანთი უნარების, კვალიფიკაციის, სამუშაო გამოცდილებისა და ენის ცოდნის შესახებ. პლატფორმაზე იქნება განთავსებული ვაკანსიები ევროკავშირის ქვეყნების დამსაქმებლებისგან (იგულისხმება "ევროკავშირის ნიჭიერთა ფონდის" მონაწილე წევრი ქვეყნები).
"ევროკავშირის ნიჭიერი ფონდი" როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ისე დამსაქმებლებს დაეხმარება დასაქმებასთან დაკავშირებული რიგი გამოწვევების გადალახვაში. ეს გამოწვევები მოიცავს იმის გარკვევას, რამდენად შესაბამისია საზღვარგარეთ შეძენილი კვალიფიკაცია და უნარები ამა თუ იმ პოზიციისთვის, დაქირავების პროცესების შესახებ ინფორმაციაზე წვდომასა და ამ ინფორმაციის სიღრმისეულ ანალიზს, ასევე პროცედურებთან დაკავშირებულ მაღალ ხარჯების შესახებ ინფორმაციაზე წვდომას.
ვინაიდან "ევროკავშირის ნიჭიერთა ფონდის" მიზანი შრომის ბაზარზე მუშახელის დეფიციტის პრობლემის მოგვარებაა, პლატფორმაზე მხოლოდ ის ვაკანსიები განთავსდება, რომელ სფეროებშიც არის მუშახელის დეფიციტი.
- საბჭოს პოზიციის ძირითადი ელემენტები
კომისიის წინადადების შესაბამისად, "ევროკავშირის ნიჭერთა ფონდში" მონაწილეობა ბლოკის წევრი სახელმწიფოებისთვის ნებაყოფლობითი იქნება. თუმცა საბჭომ გადაწყვიტა, რომ როდესაც წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტენ შეუერთდნენ ფონდს, მათ უნდა მიუთითონ, თუ რომელ ორგანიზაციებს (დამსაქმებლებს, დროებით სამუშაო სააგენტოებს, კერძო დასაქმების სააგენტოებს თუ შრომის ბაზრის შუამავლებს) აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ მასში.
საბჭოს თანახმად, მონაწილე წევრ სახელმწიფოს შეუძლია, ნებისმიერ დროს დატოვოს "ევროკავშირის ნიჭიერთა ფონდი". თუმცა მან გადაწყვეტილების შესახებ ევროპულ კომისიას გასვლის სასურველ თარიღამდე არაუგვიანეს 6 თვით ადრე უნდა აცნობოს.
- მომდევნო ნაბიჯები
წევრი სახელმწიფოების მიერ დღეს შეთანხმებული პოზიციიდან გამომდინარე, საბჭო შეძლებს ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დაწყებას კანონმდებლობაზე საბოლოო შეთანხმების მისაღწევად", – ნათქვამია ინფორმაციაში.