
"რუსულ არმიას ხარკოვზე შეტევა ასტრონომიულ დანაკარგებად დაუჯდა"
14/06/2024 09:22:05 მსოფლიო
რუსულმა არმიამ ხარკოვის რეგიონში შეტევის დროს "ასტრონომიული" დანაკარგები განიცადა, განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა "ევროპეისკაია პრავდას", რომელიც გამოცემას ანონიმურობის პირობით ესაუბრა.
გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, მაისში ხარკოვის მახლობლად რუსული არმიის დანაკარგებმა შეიძლება მიაღწიოს ყოველდღიურად 1000 მოკლულ ადამიანს. „როგორც ჩანს, ხარკოვის რეგიონში მიღწევები საკმაოდ ძვირი დაუჯდა რუსეთს“, - აღნიშნა ალიანსის წარმომადგენელმა.
გამოცემის წყარომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო შეტევის დროს „ბუფერული ზონის“ შექმნა, როგორც ეს ვლადიმირ პუტინს სურდა. ამ რეგიონში ფრონტის ხაზი ახლა სტაბილიზირებულია და რუსული არმიის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები "ფრაგმენტულია", დასძინა მან. „ამგვარად, საბოლოო ჯამში, რუსეთის გამარჯვებები ამ მიმართულებით შეზღუდული იქნება“, - დასძინა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მანამდე შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების უფროსმა გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა განაცხადა ხარკოვის რეგიონში ფრონტის სტაბილიზაციის შესახებ. ამის ერთ-ერთ მიზეზად მან აშშ-ის ნებართვა დაასახელა, რუსეთში სამხედრო სამიზნეებზე ამერიკული იარაღით დარტყმის შესახებ.
რუსეთმა ხარკოვის რეგიონში შეტევა 10 მაისს დაიწყო. ამას წინ უძღოდა გაზრდილი სარაკეტო თავდასხმები უკრაინაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. კრემლის მხრიდან ფრონტის ახალი მიმართულების გასნამ უკრაინა აიძულა, ძალები ამ მიმართულებითაც გადაესროლა, ხოლო დასავლეთს უბიძგა, გაეძლიერებინათ კიევის მხარდაჭერა – აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, კონგრესმენების მრავალთვიანი დავის პოზიტიურად გადაწყვეტის შემდეგ, ხელი მოაწერა კანონპროექტს უკრაინული მხარისთვის 60,64 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ. დიდმა ბრიტანეთმა ასევე გამოაცხადა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი (620 მილიონი დოლარი) დახმარების პაკეტი. 14-მა სახელმწიფომ უკრაინას ნება დართო, მათი იარაღი გამოიყენოს რუსეთში სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ. ეს ქვეყნებია: აშშ, გერმანია, კანადა, დანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, შვედეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი.