
პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა
14/06/2024 10:44:29 მსოფლიო
კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც უკრაინაში შეჭრის მიზნებად ქვეყნის "დენაციფიკაციას" და "დემილიტარიზაციას" ასახელებდა, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის უკრაინამ ჯარები უნდა გაიყვანოს საკუთარი რეგიონებიდან. საუბარია რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე.
მისი მეორე პირობაა, რომ უკრაინამ ოფიციალურად თქვას უარი ნატოში გაწევრიანების გეგმებზე.
„უკრაინის ჯარები მთლიანად უნდა გაიყვანონ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებიდან. როდესაც ეს გაკეთდება და როდესაც კიევი ოფიციალურად უარს იტყვის ნატოში გაწევრიანების გეგმებზე, ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყდება“, - განაცხადა პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე.
ის ამტკიცებს, რომ რუსეთი მზადაა "ხვალაც" დაჯდეს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებთანაც "შეიძლება საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე საუბარი".
„ჩვენ გვესმის სამართლებრივი სიტუაციის უნიკალურობა, მაგრამ იქ არის ლეგიტიმური უფლებამოსილება, თუნდაც კონსტიტუციის შესაბამისად, როგორც უკვე ვთქვი, ასებობენ ისეთები, ვისთანაც შეიძლება მოლაპარაკება“, - ამტკიცებს პუტინი.
მან შვეიცარიაში გასამართ სამშვიდობო სამიტს უწოდა "მზაკვრობა", რომელიც შექმნილია „დისკუსიის არასწორ გზაზე დასაყენებლად“ და „კიევის ხელისუფლების ლეგიტიმურობის“ უზრუნველსაყოფად. ამასთან თქვა, რომ "შეუძლებელია მშვიდობიანი მოგვარების მიღწევა რუსეთის მონაწილეობისა და გულწრფელი დიალოგის გარეშე".
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არ დასთანხმდებიან კონფლიქტის გაყინვას, რომელიც გარდაუვლად წარმოშობს ახალ აგრესიას.
იხილეთ ასევე: ბორელი – ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთს დაუტოვებს, იქნება "ჯილდო აგრესიისთვის"
რუსული ზალების მიერ ხარკოვის მიმართულებით ახალი ფრონტის გახსნამ დასავლეთს უბიძგა, გაეძლიერებინა კიევის მხარდაჭერა – აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, კონგრესმენების მრავალთვიანი დავის პოზიტიურად გადაწყვეტის შემდეგ, ხელი მოაწერა კანონპროექტს უკრაინული მხარისთვის 60,64 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ. დიდმა ბრიტანეთმა ასევე გამოაცხადა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი (620 მილიონი დოლარი) დახმარების პაკეტი. 14-მა სახელმწიფომ უკრაინას ნება დართო, მათი იარაღი გამოიყენოს რუსეთში სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ. ეს ქვეყნებია: აშშ, გერმანია, კანადა, დანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, შვედეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი.