
ლიეტუვაში ახალგაზრდა მამაკაცებს სამხედრო სამსახურში სკოლის დამთავრებისთანავე გაიწვევენ
14/06/2024 10:53:57 მსოფლიო
ლიეტუვის სეიმმა "საყოველთაო სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, ახალგაზრდა მამაკაცებს სამხედრო სამსახურში სკოლის დამთავრებისთანავე გაიწვევენ. ცვლილებების მიღებას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, სამი წინააღმდეგი იყო, 14-მა კი თავი შეიკავა.
კანონპროექტის თანახმად, სკოლის კურსდამთავრებულები სავალდებულო გაწვევას 9 თვის განმავლობაში ექვემდებარებიან. ისინი უნივერსიტეტებში ჩარიცხვას სამხედრო სამსახურის გავლის გარეშე ვერ შეძლებენ.
სკოლის მოსწავლეებისთვის პირველი სამედიცინო გამოკვლევები 2025 წელს ჩატარდება, ხოლო მათ სამხედრო სამსახურში 2026 წელს გამოიძახებენ, როდესაც რეფორმა ძალაში შევა.
ლიეტუვის მეზობელმა სახელმწიფომ ლატვიამ სავალდებულო სამხედრო სამსახური 2023 წელს შემოიღო. 2027 წლიდან ლატვიაში სამხედრო სამსახური სავალდებულო 18-დან 27 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცისთვის გახდება.