სამინისტრო: ქართულ-პოლონური სპეციალური ოპერაციების რეინჯერთა ასეულის ერთობლივი მომზადების მორიგი ფაზა წარმატებით დასრულდა

14-06-2024 16:38:39 თავდაცვა ,რეკლამა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ქვედანაყოფის ჯგუფებსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების სარდლობას შორის საერთო მომზადების მორიგი ფაზა წარმატებით დასრულდა.

"ქვედანაყოფებმა მუხროვანში ერთობლივი საჩვენებელი სწავლება - რეიდის ოპერაცია განახორციელეს.

ქართულ-პოლონური მრავალეროვნული სპეციალური ოპერაციების სახმელეთო დავალებათა ჯგუფმა ტაქტიკურ დონეზე დადებითი (GEO-POLMNSOLTG) შეფასება მიიღო და ნატო–ს სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) 2024 წლის როტაციაში სერტიფიცირებისთვის მომზადების შემდეგ დონეზე გადავიდა.

ქართულ-პოლონური სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების ერთობლივ სწავლებას სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრო. მან პირად შემადგენლობას ნატო–ს რეაგირების ძალებში სერტიფიცირებისთვის ტაქტიკურ დონეზე შეფასების წარმატებით გავლა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მუხროვანის ბაზაზე სტუმრებმა ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოინახულეს.

საქართველოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ბატალიონის ერთი ასეული ნატო–ს რეაგირების ძალებში (NRF) ჩართვისთვის უკვე მომზადებული და სერტიფიცირებულია. ამჟამად, სერტიფიცირებისთვის შესაბამის ეტაპებს საქართველოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ბატალიონის სახმელეთო დავალებათა რიგით მეორე ჯგუფი გადის", – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები