
ეს იყო ხელისუფლების მიერ კოორდინირებული ინციდენტი - "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი"
14/06/2024 18:46:04 საზოგადოება
"სამოქალაქო საზოგადოების ფონდი" ეხმაურება 14 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს. ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს ვანო ჩხიკვაძეს შეძახილებით დახვდნენ. იქვე აღმოჩნდნენ „პოსტივის“, საზოგადოებრივი მაუწყებლის, "რუსთავი 2-ისა" და "იმედის" გადამღები ჯგუფები.
ორგანიზაციის შეფასებით, ეს იყო ხელისუფლების მიერ კოორდინირებული ინციდენტი, რომელიც აშშ-ის კონგრესში ვანო ჩხიკვაძის გამოსვლას ეხმაურებოდა:
"საინტერესოა, წინასწარ როგორ ჰქონდათ აეროპორტში შეკრებილ ჯგუფსა და პროპაგანდისტულ მედიას ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის ფრენის განრიგის შესახებ, თუ არა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ინციდენტი ერთ-ერთია “ქართული ოცნების“ მიერ მართულ იმ ათეულობით თავდასხმას შორის, რომელთაც ბოლო კვირების მანძილზე ვხედავთ.
ჩვენი კოლეგა ვანო ჩხიკვაძე პროფესიული საქმითა თუ პიროვნული ღირსებით გულშემატკივრობს იმას, რასაც ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი და კონსტიტუცია ითვალისწინებს - ეს არის საქართველოს ევროპული მომავალი. ბუნებრივია, მის მიერ ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისა თუ საზოგადოებრივი კეთილდღეობის ადვოკატირება მიუღებელია ხელისუფლებისთვის, რომელიც საქართველოს მომავალს რუსეთში ხედავს".
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეთა ჯგუფი ჩხიკვაძეს უწოდებს "მტერს", "მონას", "სერგო ორჯონიკიძეს", ასევე ჟურნალისტებმა იკითხეს, "ქვეყნის ინტერესების ღალატი არ არის თქვენი საქციელი?".
ჩხიკვაძეს მათთვის პასუხი არ გაუცია.
შეგახსენებთ, ვანო ჩხიკვაძე აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო. ამის შემდეგ აღმოჩნდა ის სახელისუფლებო პროპაგანდის სამიზნე.