"ფეისბუქიდან" კრიტიკული "პოსტების" მასობრივად წაშლის შესახებ იტყობინებიან

15-06-2024 13:58:58 საზოგადოება

ორგანიზაციები წერენ, რომ მათი ფეისბუქ–გვერდებიდან მასიურად იშლება სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მასალები.

კერძოდ, "სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ "სასამართლოს გუშაგს" (საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას სასამართლოში არსებულ ვითარებაზე) წაუშალეს 60-მდე "პოსტი":

"გუშინ ჩვენ, ანუ საქართველოს სასამართლოს გუშაგს, წაგვიშალეს ორივე ფეიჯზე 60-მდე პოსტი, სადაც გაზიარებული გვქონდა სტატიები courtwatch. ge-დან.ახლა ამ ბმულს რომ ვწერ, სფეისი გავაკეთე, თორემ საერთოდ აღარ მაძლევს მისი მითითების საშუალებას ისე, როგორც საიტის მისამართია ზოგიერთი სტატია 2022 წელს იყო დაწერილი.მიზეზად კიბერუსაფრთხოებას წერს ფეისბუქი.გარდა ამისა, სასამართლოს მონიტორინგის მოხალისეთა შიდა ჯგუფი გვაქვს და იქაც წაიშალა გარკვეული პოსტები, რომელიც მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებს ეხებოდა."

ანალოგიური შინაარსის განცხადება გაავრცელა "მთის ამბებმა":

"რამდენიმე წუთია ჩვენი ფეისბუქ–გვერდიდან მასობრივად შლიან შოვის ტრაგედიაზე, ჭიათურის ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რაჭის ტყეების ოკუპაციაზე, ბალდის კანიონზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში არსებულ კორუფციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა და დაკავშირებულ მამხილებელ მასალებს. ჩვენ ვცდილობთ მომხდარის გარკვევას და შესაბამის რეაგირებას."

ამ ტენდენციის შესახებ იტყობინებიან სხვა ფეისბუქმომხმარებლებიც და როგორც ირკვევა, სამიზნე კრიტიკული "პოსტებიცაა".

კონტენტის წაშლის მიზეზი შესაძლოა იყოს მასშტაბური "დარეპორტების" კამპანია ან სისტემური ხარვეზი, რომელიც თავად ქსელს შეიძლება ჰქონდეს. წაშლილი პოსტების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ შესაძლოა გასაჩივრება "ფეისბუკის" ადმინისტრაციასთან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები