ურსულა ფონ დერ ლაიენი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს

16-06-2024 10:26:07 პოლიტიკა

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს.

ევროკომისიის პრეზიდენტი შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა და სალომე ზურაბიშვილს ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ თქვენს ერთგულებას ღრმა პატივს ვცემ. ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა ამ გზას მხარს უჭერს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ლაიენის ამ განცხადების საპასუხოდ ზურაბიშვილმა შემდეგი აღნიშნა:

„დიდი მადლობა პრეზიდენტო, თქვენი მტკიცედ მხარდაჭერისათვის ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისთვის“.

ცნობისთვის: უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები უკვე გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასა და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუსთან.

გარდა ამისა, 15 ივნისს ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შვეიცარიაში შევხდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს.

მშვიდობის გლობალურ სამიტში, რომელიც 15-16 ივნისს იმართება, ასამდე ქვეყანა იღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს – პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე არის წარმოდგენილი, კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების - ძირითადად, საგარეო უწყებების ხელმძღვანელების რანგში. ექვსმა ქვეყანამ (ინდონეზია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთი აფრიკა, ფილიპინები და ბრაზილია) ელჩები გაგზავნა. ბრაზილია და ვატიკანი დამკვირვებლების და არა სამიტის მონაწილეების სტატუსით არიან წარმოდგენილები.

ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს რუსეთი (რომელიც არც ყოფილა მიწვეული) და ჩინეთი, რომელმაც მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები