"საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია" - შვეიცარიაში გაიმართა ზურაბიშვილისა და ზელენსკის შეხვედრა
15/06/2024 13:32:24 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის ფორუმზე სალომე ზურაბიშვილისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესახებ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამ შეხვედრას ესწრებოდნენ: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი და ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო.
"საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს უკრაინისათვის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა, პრეზიდენტმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა მალე ერთად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის ამ გზას.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია. აუცილებელი და მნიშვნელოვანია მშვიდობა საქართველოში, უკრაინაში და ზოგადად, რეგიონში, რათა შესაძლებელი იყოს მისი სამომავლო განვითარება.
შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ტყვედ ჩავარდნილი ქართველის მამუკა გაწერელიას საკითხიც დააყენა, უკრაინის პრეზიდენტმა კი, აღნიშნულ საკითხზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.


