16-06-2024 11:38:11 პოლიტიკა
შვეიცარიაში მიმდინარე უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრემიერ–მინისტრ კაია კალასს შეხვდა.
"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოს ევროპულ მომავალზე ვისაუბრე. ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი", - წერს კალასი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები უკვე გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასა და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუსთან.
გარდა ამისა, 15 ივნისს ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შვეიცარიაში შევხდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს.
მშვიდობის გლობალურ სამიტში, რომელიც 15-16 ივნისს იმართება, ასამდე ქვეყანა იღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს – პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე არის წარმოდგენილი, კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების - ძირითადად, საგარეო უწყებების ხელმძღვანელების რანგში. ექვსმა ქვეყანამ (ინდონეზია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთი აფრიკა, ფილიპინები და ბრაზილია) ელჩები გაგზავნა. ბრაზილია და ვატიკანი დამკვირვებლების და არა სამიტის მონაწილეების სტატუსით არიან წარმოდგენილები.
ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს რუსეთი (რომელიც არც ყოფილა მიწვეული) და ჩინეთი, რომელმაც მონაწილეობაზე უარი განაცხადა.