პოლ სტრონსკი: „ანაკლიის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულად გამოიყურება, რომელიც ქვეყნის იმიჯს დიდ ზიანს აყენებს“

11-01-2020 16:50:34 კომენტარი

აშშ–ის პრეზიდენტის ექს–მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი მთავრი სპეციალისტი, კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების უფროსი სპეციალისტი პოლ სტრონსკი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გაურკვეველი ვადით გადადების ფაქტს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულად გამოიყურება, რომელიც ქვეყნის იმიჯს დიდ ზიანს აყენებს.

როგორც სტრონსკიმ „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა, "მთავრობის გადაწყვეტილება ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს ძირს უთხრის".

„პორტის მშენებლობის გაურკვეველი ვადით გადადება, დიდი დარტყმაა საქართველოს იმიჯისთვის, როგორც ბიზნესის კეთების სტაბილური ადგილისთვის. გარდა ამისა, ეს დიდი დარტყმაა ამერიკელი და ევროპელი ინვესტორებისთვის. ამასთან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება შეაფერხებს ჩინეთის ძალისხმევას, თავიდან აირიდოს საქმის დაჭერა რუსეთთან „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ჩინეთს ევროპასთან ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით დააკავშირებს. ჩინეთის ოცნების ასასრულებლად „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტურქტურული სამუშაოების დიდი ნაწილი კავკასიაში (ბაქო– თბილისი– ყარსის რკინიგზა) უკვე შესრულებულია. ანაკლია ამ ინიციატივის საპორტო კვანძი იქნებოდა. მთავრობის გადაწყვეტილება კი ამ ყველაფერს ანელებს“, – განუცხადა „აქცენტს“ სტრონსკიმ.

მისივე თქმით, „როგორც ჩანს, გადაწყვეტილების დიდი ნაწილი გამოწვეულია შიდა პოლიტიკური და ზოგადად პოლიტიკური მიზეზების გამო, რაც ნამდვილად უთხრის ძირს ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს“.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება გაწყვიტა. მთავრობა მიზეზად ასახელებს კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას. თავად კონსორციუმი კი საარბიტრაჟო დავისთვის ემზადება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები