Accentnews.ge
შვეიცარია რუსეთთან მშვიდობის სამიტის შედეგების განხილვას გეგმავს

შვეიცარია რუსეთთან მშვიდობის სამიტის შედეგების განხილვას გეგმავს

17/06/2024 06:16:27 მსოფლიო

შვეიცარია რუსეთთან მშვიდობის სამიტის შედეგების განხილვას გეგმავს.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ინიაციო კასისმა განაცხადა, შვეიცარიას 15-16 ივნისს გამართული სამიტის შედეგების განხილვა სურს რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, რომელთაც არ მიუღიათ მასში მონაწილეობა.

"ჩვენ გვაქვს საელჩო მოსკოვში და ყოველ ორ კვირაში ვესაუბრებით საგარეო საქმეთა მინისტრს, ასე რომ, ვაპირებთ, განვიხილოთ რუსეთთან კონფერენციის შედეგები", - განაცხადა კასისმა.

მშვიდობის სამიტის ორგანიზატორი ქვეყნის – შვეიცარიის წარმომადგენლებმა, არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია კონფლიქტის ყველა მხარის მონაწილეობა, რაც ნიშნავს რუსეთის მონაწილეობასაც. თუმცა მოწვევა სამიტში მონაწილეობის შესახებ მოსკოვისთვის არ გაუგზავნიათ, ამ ეტაპზე ამის წინააღმდეგი იყო უკრაინა.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ კონფერენციის შედეგების "დეტალური განხილვა" იგეგმება იმ ქვეყნებთანაც და პირველ რიგში, ჩინეთთან, რომლებმაც სამიტში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

კასისის თქმით, მშვიდობის მიღწევის გზებთან დაკავშირებით შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდეს და წინსვლის საერთო გზის ძიებისთვის აუცილებელია მათი გაერთიანება.

მშვიდობის სამიტის საბოლოო კომუნიკეს კონფერენციაში მონაწილე 91 სახელმწიფოდან 80 უჭერს მხარს, მათ შორის არიან აშშ, ევროკავშირის ყველა ქვეყანა, იაპონია, ავსტრალია, სერბეთი, საქართველო, მოლდოვა, თურქეთი, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რიგი ქვეყნები. მსხვილმა სახელმწიფოებმა, როგორიცაა ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ შვეიცარიაში, კომუნიკეს ხელი არ მოაწერეს, რის მიზეზადაც, პირველ რიგში, სამშვიდობო ინიციატივების განხილვისას, რუსეთის მონაწილეობის აუცილებლობა დაასახელეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S