
უკრაინა: რუსებმა მოკლეს 12 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, დადასტურებულია ტყვეების წამების 14 ათასამდე შემთხვევა
17/06/2024 06:30:03 მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან, მოკლულია 12 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 551 ბავშვი,- იტყობინება უკრაინის პრეზიდენტის ოფისი.
მათივე ცნობით, ეს დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემები გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა წარადგინა შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტის ფარგლებში გამართულ თემატურ შეხვედრაზე, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებს ეხებოდა.
კოსტინის ინფორმაციით, სამართალდამცავებს დოკუმენტურად უკვე დადასტურებული აქვთ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის თითქმის 130 ათასი ფაქტი, მათ შორის სექსუალური ძალადობის 301 შემთხვევა.
უკრაინის სახალხო დამცველი დმიტრო ლუბინეცი ამბობს, მასობრივი სახე აქვს რუსეთის მხრიდან ტყვეების მიმართ სისტემატური წამების გამოყენებას: დადასტურებულია სულ მცირე 14 ათასი ასეთი შემთხვევა.
შვეიცარიაში მშვიდობის სამიტი 15-16 ივნისს გაიმართა. რუსეთი სამიტზე მიწვეული არ ყოფილა.