
შინჯიკაშვილის მამა: გურჯაანშია მამიდასთან, მარწყვს კრეფენ
17/06/2024 11:44:15 საზოგადოება
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის გიორგი შინჯიკაშვილის მამამ "ტვ პირველს" უთხრა, რომ მისი ვაჟი შვებულებაშია და ნათესავებს მოსავლის აღებაში ეხმარება.
"გურჯაანშია თავის მამიდასთან, მარწყვს კრეფენ, სხვათა შორის",– უთხრა მან ჟურნალისტს.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ იცავდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში მათ სახს.
"ისეთი ოჯახი გვაქვს, რომ სოფელი კი არა საქართველო დაგვიცავს, თუ საჭირო იქნება",– თქვა კაცმა.
15 ივნისს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია სპეციალური დანიშნულების რაზმის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს (იგივე ხარება) და ქვემო ქართლის რწმუნებულის პირველ მოადგილეს გიორგი შინჯიკაშვილს შორის დაპირისპირების შესახებ.
ტვ „პირველის“ ინფორმაციით, დაპირისპირება ხარებას დაქვემდებარებულ პირებს – სპეცრაზმელებსა და შინჯიკაშვილის მფარველობის ქვეშ მყოფ ძალადობრივ ჯგუფს შორის მოხდა, დაპირისპირებაში შინჯიკაშვილის პირადად ჩაერია, რის გამოც ხარებამ მასზე შურისძიება გადაწყვიტა. "ფორმულას" ცნობით კი დაპირისპირება ერთ-ერთ რესტორანში უშუალოდ "ხარებასა" და შინკიჯაშვილს შორის დაიწყო, რაშიც მოგვიანებით მათ დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფები ჩაერთნენ.
მედია წერს, რომ ამ დროისთვის გიორგი შინჯიკაშვილს ქვეყანა დატოვებული აქვს "სითარების ჩაწყნარებამდე". ტელევიზიების მიერ გადაღებული კადრებში ჩანს, რომ გასულ კვირას, სოფელ მარტყოფში, შინჯიკაშვილის საცხოვრებელ სახლთან რამდენიმე მანქანა და ათობით ადამიანი იყო მობილიზებული. მათი ცნობით, ისინი რამდენიმე დღე იცავდნენ შინჯიკაშვილის ოჯახს შესაძლო შურისძიებისგან.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკითხის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიას „ჭარბი დრამატიზება“ უწოდა და ტრადიციულად მედია და ოპოზიციური პარტიები ძალადობის რომანტიზებაში დაადანაშაულა.
„თუ სადმე არის რაიმე გამოძიება დასაწყები, ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები. ჭარბ დრამატიზებას შეეშვით. ეს შესაბამისი უწყებების საქმეა. თუ დასაწყები იქნება გამოძიება, ყველაფერი იქნება დაწყებული. ძალადობის უამრავ საქმეზე გამოძიება არის დაწყებული. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ნებისმიერ ტიპის ძალადობა უნდა იყოს დაგმობილი, მაგრამ, მე აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ თქვენი ტელევიზიები და თქვენი პოლიტიკური პარტიები ახდენდნენ და დღემდე ახდენენ ძალადობის კონკრეტული ფაქტების რომანტიზებას. ეს არის თქვენი ხელწერა, რაც არის ძალიან ცუდი. ძალადობა შობს ძალადობას,“ – თქვა კობახიძემ.