რა სიახლეები გამოვლინდა მაჩალიკაშვილის საქმეში: „ძალიან მძიმე იყო აღმოჩენა"

13-01-2020 11:46:26 სამართალი

„ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის“ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში ახალი გარემოებების შესახებ გახდა ცნობილი. კერძოდ, როგორც ორგანიზაციის იურისტმა თამთა მიქელაძემ განმარტა, მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 8 იანვარს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო და საქართველოს მთავრობას მოსთხოვა საქმის ირგვლივ დეტალური მონაცემები, ორგანიზაციას, რომელიც მაჩალიკაშვილის ინტერესებს იცავს, პროკურატურიდან აცნობეს, რომ საიდუმლო მასალები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ორი წლის განმავლობაში ითხოვდა, ხელმისაწვდომია.

„ჩვენ ამ ეტაპზე გავეცანით 32 სპეცრაზმელის და სუს–ის რამდენიმე თანამშრომლის გამოკითხვის ოქმს და დავინახეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია“,– ამბობს თამთა მიქელაძე და მიუთითებს რამდენიმე გარემოებაზე:

  • გამოკითხვის ოქმების შეჯამებამ აჩვენა, რომ გამოძიება უფრო მეტად ფორმალური, ილუზორულია და სპეცრაზმელების მიმართ არ არის დასმული დამაზუსტებელი კითხვები, რომლებიც მეტად თვალსაჩინოს გახდიდა უსაფრთხოების სამსახურის ვერსიას, რომ თითქოს მაჩალიკაშვილი სპეცრაზმისთვის ხელყუმბარით წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა;
  • სუს–ის ვერსია სპეცრაზმელების გამოკითხვის შემდეგ კიდევ უფრო უსაფუძვლო გახდა;
  • სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელი საუბრობს, რომ ხელყუმბარა მაჩალიკაშვილს ლოგინში ჰქონდა, გადაიხარა მარჯვნივ, ამოიღო, შემდეგ კვლავ დაწვა და ამის შემდეგ მოინდომა მისი გამოყენება, – დაუჯერებელია, რომ მცირე ზომის ოთახში, მოკლე დროში თემირლან მაჩალიკაშვილს ამდენი მოქმედების განხორციელება შეეძლო;
  • არსებობს ფუნდამენტური შეუსაბამობები, მათ შორის ოთახში შესვლისა და გასროლის დროსთან დაკავშირებით. სპეცრაზმელების ნაწილი ამბობს, რომ გასროლა შესვლიდან რამდენიმე წამში განხორციელდა, ნაწილი კი – 10 წუთში;
  • არავინ არაფერს ამბობს იმაზე, რომ განხორციელდა თუ არა გაფრთხილება, ან ჰქონდა თუ არა სპეცრაზმელს თემირლანთან რაიმე სახის კომუნიკაცია, რაც ძალის გამოყენების პროპორციულობის პრობლემაზე მიუთითებს;
  • ოპერაცია მოუმზადებლად დაორგანიზდა.

„ძალიან მძიმე იყო იმის აღმოჩენა, რომ ასეთი მასტაბური სპეცოპერაცია, რომელსაც რეპრესიული აპარატის ძალის ინტენსიური გამოყენება სდევდა თან, სუს–მა სრულიად მოუმზადებლად დააორგანიზა. ჩვენ ვითხოვდით, სუს–ს პროკურატურისთვის გაეზიარებინა სპეცოპერაციის ჩატარების დასაბუთებული გადაწყვეტილება; სპეცოპერაციის წერილობითი გეგმა; წერილობითი ინსტრუქციები სპეცრაზმელებისთვის; ის, თუ რა პროცედურებით ახორციელებდა სპეცოპერაციის მიმდინარეობის მონიტორინგს. დავინახეთ, რომ სუს–სს არც ერთი წერილობითი დოკუმენტი არ აქვს; არც ერთი სპეცრაზმელი არ უთითებს, რომ მანამდე ხდებოდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რათა დაედგინათ, თუ რა რისკები შეიძლება, მომდინარეობდეს დასაკავებელი პირებიდან“,– აცხადებს მიქელაძე.

ორგანიზაცია სპეცრაზმელების განმეორებით დაკითხვას, კრიტიკული კითხვების დასმას და ამის შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ითხოვს. ოჯახი კი ბრძოლის სტრასბურგში გაგრძელებას გეგმავს, ამასთან, ითხოვს, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. აღნიშნულ მოთხოვნას მმართველ გუნდში არ იზიარებენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ითხოვს, რომ გამოძიება დაიწყოს გაბრიელ სალოსზე ჩატარებული სპეცოპერაციიდა. ის ამბობს, რომ თავად ამ ოპერაციასთან დაკავშირებითაც აქვს კითხვის ნიშნები.

„გამოძოება დაწყოს სალოსიდან და მივიდეს ჩემს ოჯახამდე. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს სპეცოპერაციასთან. პირველად ისე ჟღერდა, რომ ჩემი ოჯახი იყო ტერორიზმში ეჭვმიტანილი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გამოჩნდა. ასევე დროთა განმავლობაში გამოჩნდება, რაც ხდებოდა სალოსზე. ამ საქმეში ბერი ხალხია გარეული, თუნდაც პანკისის ხეობიდან. ამას არავის შევარჩენ. ამიტომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია. გამოჩნდება ბევრი სიბინძურე. რაც შეეხება სტრასბურგს, ამას დრო დასჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, სტრასბურგი ხელისუფლებას გაამტყუვნებს“,– აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი, თუმცა არ აზუსტებს, რა საკის კითხვები აქვს უშუალოდ სალოსის ოპერაციასთან დაკავშირებთ.

იხილეთ ასევე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები