29-05-2019 14:35:49 ეკონომიკა
ანაკლიის პორტის ინვესტორი ბანკების მიერ საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი 8 მთავარი მოთხოვნიდან 7 შეთანხმდა, თუმცა შესათანხმებელი დარჩა მხოლოდ ერთი და როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმში განმარტავენ, პრინციპული საკითხი ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევის შესახებ,– ამის შესახებ 21 მაისს ფინანსთა სამინისტროში ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, მთავრობასა და საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გახდა ცნობილი.ამ შეხვედრის მიმართ ოპტიმისტურად იყო განწყობილი საქართველოში აშშ–ის საელჩო.
„ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მასში აშშ-ის კომპანიების ჩართულობა ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი ეკონომიკური პარტნიორობის ნაწილია. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების შემდგომი შეხვედრის მიმართ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ვიმედოვნებთ, რომ იგი პროექტის წინსვლას შეუწყობს ხელს“, – განუცხადეს „აქცენტს“ საელჩოში.
რას გულისხმობს სადავო პუნქტი
პორტის ინვესტორი ბანკები ითხოვენ, “სახელმწიფომ დააზღვიოს ის სხვაობა, რაც დააკლდება კონსორციუმს, რომ ბანკებს გადაუხადოს სესხი გრაფიკის მიხედვით. მთავრობამ ეს თანხა უნდა ასესხოს კონსორციუმს, ხოლო კონსორციუმმა უნდა გადაუხადოს ბანკებს. ბანკების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, კონსორციუმმა უნდა გაისტუმროს ეს სესხი, შემდეგ სუბორდინირებული სესხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ კონსორციუმის ინვესტორები მოგებას პორტიდან”.
თუმცა როგორც ვიცე–პრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 21 მაისს ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სახელმწიფო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კომერციული რისკების დაზღვევას საკუთარ თავზე არ აიღებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, და რომ ინვესტორ ბანკებსა და სახელმწიფოს „ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“.
„სახელმწიფოს მხრიდან იქნება ის, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა და ეს არის ის პოზიცია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ბანკებთან, თუ რა დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენება არის შესაძლებელი ამ კომერციული რისკების დასაზღვევად, ისე რომ სახელმწიფოს არ მოუწიოს ამ რისკების დაზღვევა, რა საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო ინსტრუმენტები ან უშუალოდ ბანკების ინსტრუმენტები არსებობს ამისთვის, რომ დაეხმაროს ინვესტორს ამ რისკების დაზღვევაში, შესაბამისად ყველანი ვართ, ამ მიმართულებით ძალიან პოზიტიურად განწყობილი“.
21 მაისის შეხვედრის შემდეგ ანალოგიური განცხადება გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმაც:
„ერთი პოზიცია, სადაც ჩვენ მეტ დათმობაზე ვეღარ მივდივართ, ეს არის კომერციული რისკების დაზღვევა“.
მაგრამ საინტერესო ისაა, რომ რატომღაც მსგავს პრობლემებს არ აწყდებიან ის კომპანიები, რომლებიც ქვეყანაში სხვადასხვა ლოკაციებზე ჰესების მშენებლობას ახორციელენ.
როგორც „აქცენტს“ ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი უყვება, თითქმის ყველა კომპანიას, რომელთანაც ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმდა ხელშეკრულება (გარდა ბოლო წლისა), სახელმწიფოს საკუთარ თავზე აქვს აღებული „გარანტირებული შესწყიდვები“, თუმცა რიგ შემთხვევებში ეს ხელშეკრულებები საჯაროა, რიგ შემთხვევებში – არა:
„ეს გარანტიები სხვადასხვა ჰესისთვის სხვადასხვა რამეს გულისხმობს, სხვადასხვა პირობებია. კერძოდ, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ სახელმწიფო კომპანია რაღაც პერიოდის განმავლობაში, ნენსკრაჰესის შემთხვევაში ერთი წლის, კონკრეტული თანხის ფარგლებში გარანტირებულად შეისყიდის ელექტროენერგიას. არ არსებობს ერთი, მკაფიო, დასაბუთებული მეთოდიკა, როგორ დგინდება ეს პირობები“.
როგორც „აქცენტმა“ გაარკვია, ყოველწლიურად ასეთი გარანტია დაახლოებით 110 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს.
რატომ აღმოჩნდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის პრობლემური ის, რაც არა წარმოადგენს პრობლემას სხვა კომპანიებთან მიმართებაში, ცალსახა პასუხის გაცემა რთულია.
იურისტი ლევან ალაფიშვილი თვლის, რომ „თუკი პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ საჯარო რესურსი უნდა მოახმაროს მის მხარდაჭერას“.
„ანაკლიის შემთხვევაში თუკი წარმოვიდგენთ მის მასშტაბს და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტს, რთული არ უნდა იყოს დავინახოთ ამ პროექტის მნიშვნელობა სახელმწიფოებრიობის განვითარება-განმტკიცებისთვის. ამ პროექტს შეუძლია ჩვენი შვილების, საქართველოს მომავლის უკეთესობისკენ შეცვლა. სწორედ ამის გაცნობიერებაა მნიშვნელოვანი, ეს არის სახალხო პროექტი. ეს არის შანსი, რომლის დარიც საქართველოს შეიძლება აღარც ჰქონდეს. ამიტომ ვამბობდი ორიოდ თვის წინ რომ ეს პროექტი უნდა ვაქციოთ რეალურ სახალხო პროექტად და არ უნდა დარჩეს მხოლოდ პოლიტიკოსებისა და ბიზნეს ჯგუფების ზრუნვის საგნად. ვფიქრობ, ეს პროექტი მნიშვნელოვან წარმატებას მთავრობის, ბიზნესისა და მოქალაქეების გაერთიანებით მიაღწევს, დღეს ასე არ არის და სწორედ ამით სარგებლობს მთავრობა. ვფიქრობ, უნდა განახლდეს კონსორციუმში მოქალაქეთა აქციონერების გზით ჩართვის საკითხზე მსჯელობა. ამის გარდა, არ იქნებოდა ურიგო, თუკი მოქალაქეებს მიეცემოდათ საშუალება საპენსიო დანაზოგები მიემართათ ანაკლიის პროექტის განვითარებისთვის. საპენსიო დანაზოგების ჯამმა დღეისთვის 200 მლნ-ს მიაღწია, რომელიც ბანკებშია განთავსებული და რომლის გამოყენება უფრო ეფექტურად შეიძლება“- განუცხადა ალაფიშვილმა „აქცენტს“.
ხოლო სახელმწიფოს მხრიდან გამოთქმულ შიშებს, პროექტის არაკომერციულ მომგებიანობასთან დაკავშირებით, „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ დამფუძნებელი, HUB Georgia-ს ექსპერტი პაატა ცაგარეიშვილი პასუხობს.
"სადღეისოდ არსებული ტენდენციებით, ევრაზიულ სივრცეში, პლუს ჩინეთი, საკონტეინერო ნაკადი ძალიან მზარდია. ამას არა მხოლოდ კონკრეტული ციფრები, არამედ დამატებითი საექსპერტო–საპროგნოზე გათვლები ადასტურებს და შეიძლება, ცალსახად ითქვას, რომ ახლო მომავალში, როდესაც 2020 წელს ბათუმისა და ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო ნაკადის სიმძლავრეები პიკურ მდგომარეობაში იქნება, და დაისმება საკითხი, რომ საკონტეინერო ნაკადი უკვე ალტერნატიული – ნოვოროსიისკის [რუსეთი] მიმართულებით უნდა გადავიდეს, აქ უკვე აქტუალურია, ანაკლიის ნავსადგური ძალიან ჰარმონიულად ჩაერთოს გადაზიდვების სივრცეში.
იმაზე საუბარი, რომ ანაკლიის პორტი კომერციულად არ არის მომგებიანი, აბსოლუტურად უადგილოა. დღეს სახელმწიფოსთვის საუბრობს კომერციულ მომგებიანობაზე, იქნება თუ არა გარანტირებული ტვირთბრუნვა და ა.შ...ეს სახელმწიფოს მხრიდან არასწორი მიდგომა, არასწორად გათვლილი ტენდენციაა. მეტიც, გუშინ ეკონომიკის სამინისტროში იყო შეხვედრა. საუბარი შეეხებოდა ჩინეთის ტერიტორიაზე საკონტეინერო გადაზიდვებისთვის სუბსიდირების მიცემის საკითხის გადაწყვეტას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახლო მომავალში ანაკლიის ნავსადგურს საკონტეინერო ტვირთების თვალსაზრისით შეზღუდვები არ ექნება. მე არ მაქვს პასუხი, როგორ, მაგრამ სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მისცეს ანაკლიის ნავსადგურს ღია შესაძლებლობები. ჩვენს გარშემო პროცესები მიდის: ნოვოროსიისკის პორტი თითქმის უკვე შევსებულია საკონტეინერო ნაკადით; ამასთან ტამანის [რუსეთი] ნავსადგური, რომელიც შავი ზღვის აუზში მდებარეობს, ღრმაწყლიან ნავსადგურს ავითარებს, პროექტი დაფინანსებულია – 1600 მილიონს დებს არაბეთის საინვესტიციო ფონდი, 400 მილიონს რუსეთის საინვესტიციო ფონდი და რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში, თუ ჩვენ დროულად არ მივიღებთ ამ პორტის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებას, ანაკლია კონკურენტუნარიანობას დაკარგავს",– განუცხადა "აქცენტს" ცაგარეიშვილმა.
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის დავით რაქვიაშვილის შეფასებით კი, ანაკლიის პორტის მსგავსი პროექტების შეჩერება/დაბლოკვა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.
როგორც რაქვიაშვილმა „აქცენტს“ პორტის მნიშვნელობაზე საუბრისას განუცხადა, ნებისმიერი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს რეგიონთან აკავშირებს, ზრდის ჩვენი ქვეყნის, როგორც რეგიონული ჰაბის ღირებულებას, ეს კი ის ფუნქციაა, რომლის მიღწევასაც საქართველო ათწლეულებია, ცდილობს.
ამასთანავე, მისი შეფასებით, “იქნება ეს ანაკლიის პორტი, თუ რეგიონული მასშტაბის სხვა რომელიმე პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ პროექტებში რთავს, ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით გარკვეული პრევენციაა იმ ავანტიურებისა, რომელიც შეიძლება, არაკეთილმოსურნე მეზობლის მიზანს წარმოადგენდეს”.
გარდა ამისა, რაქვიაშვილის აზრით, ნებისმიერი პროექტი, რომელიც მოიზიდავს და ქართულ და რეგიონულ ეკონომიკაში ჩართავს დასავლურ კაპიტალს, დამატებითი მოტივაციაა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო როლისა და ნიშის გასამყარებლად.
“ამდენად, ძალზე მნიშვნელოვანია, საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის მსგავსი პროექტები სტაბილურად ვითარდებოდეს. შედეგად საქართველო იმ ნიშას დაიკავებს, რომლის გარეშეც ქვეყნის ვერც ეკონომიკური და ვერც უსაფრთხოების პოლიტიკა იქნება წარმატებული“,– განუცხადა „აქცენტს“ რაქვიაშვილმა.
მისივე შეფასებით, “მსგავსი პროექტების დაბლოკვა ან შეჩერება ან გაუთვლელი პოლიტიკის შედეგი იქნება, ან ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული გარკვეული მოტივაციები”:
„თუ ვავითარებთ თეზას, რომ საქართველოში რეგიონული მასშტაბის პროექტის არსებობა როგორც ეროვნულ, ისე ზოგადად ჩვენი და ჩვენი პარტნიორების რეგიონული უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება, ასეთი პროექტების შეჩერება, დაბლოკვა ან არგანხორციელება შეიძლება, იყოს გაუთვლელი პოლიტიკის შედეგი, ან ელემენტარულად, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული გარკვეული მოტივაციები. თუ ვამბობთ, რომ რაღაც კარგია ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ის უნდა განხორციელდეს და მოიძებნოს რესურსი, რათა ამ პროექტების გარშემო მოხდეს კონსოლიდირება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ინტერესებისა“.