
რუსეთის როსტოვის ოლქში ნავთობის რეზერვუარები იწვის, ცეცხლის ჩასაქრობად სახანძრო მატარებელსაც იყენებენ
18/06/2024 05:51:41 მსოფლიო
დღეს გამთენიისას რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვის რაიონში აფეთქებები იყო. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები დრონებით დარტყმის შედეგად გამოწვეული, სულ მცირე, ხუთი აფეთქების შესახებ იუწყებოდნენ.
რეგიონის გუბერნატორ ვასილი გოლუბევის ინფორმაციით, "უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ხანძარი გაუჩნდა ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს".
"წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის", – აცხადებს გოლუბევი.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს–სამსახურზე დაყრდნობით წერს, ცეცხლის ჩასაქრობად სახანძრო მატარებელსაც იყენებენ.
ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეგრამ-არხის ცნობით, აზოვის რაიონში იწვის მეთანოლის მწარმოებელი ქარხანა.
როსტოვის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, რომლებსაც უკრაინის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხშირად უტევენ.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. ყოველ ჯერზე, რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში".
უკრაინას სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული.