
ევროკავშირის ლიდერები ახალი ხელმძღვანელობის კანდიდატურებზე ჯერ–ჯერობით ვერ შეთანხმდნენ
18/06/2024 06:00:42 მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერები ახალი ხელმძღვანელობის კანდიდატურებზე ჯერ–ჯერობით ვერ შეთანხმდნენ. საკითხი 17 ივნისს ბრიუსელში, გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილებოდა.
შუაღამის შემდეგ 18 ივნისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმება მიღწეული არ არის.
ევროკომისიის პრეზიდენტობა მეორე ვადით სურს გერმანელ ურსულა ფონ დერ ლაიენს. იგი წარმოადგენს მემარჯვენე-ცენტრისტულ ევროპის სახალხო პარტიას, რომელმაც ივნისში, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად კვლავ ყველაზე მეტი მანდატი მიიღო.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილება პორტუგალიელი ანტონიუ კოშტა, რომელსაც მხარს უჭერს ევროპარლამენტში მანდატების რაოდენობით მეორე ადგილზე მყოფი სოციალისტების და დემოკრატების ფრაქცია.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლის კანდატად განიხილება ესტონელი კაია კალასი. რაც შეეხება ევროპარლამენტს, მას სავარაუდოდ, კვლავ მალტელი რობერტა მეცოლა უხელმძღვანელებს.
POLITICO 17 ივნისს გამართული მოლაპარაკების შესახებ ინფორმირებულ სამ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმების იმედი მას შემდეგ გაქრა, რაც ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) მეტი დათმობა და უფლებამოსილება მოითხოვა. კერძოდ, EPP–მ ფონ დერ ლაიენის და მეცოლას ხელახლა დანიშვნის გარდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უფლებამოსილების 5-წლიანი ვადის ორად გაყოფა და აქედან ერთი 2,5-წლიანი ვადის EPP-სთვის დათმობა მოითხოვა. ამ წინადადებამ სოციალისტები და დემოკრატები აღაშფოთა.
ევროკავშირის ლიდერები გაერთიანების უმაღლეს თანამდებობებზე კანდიდატურების განხილვას მომავალ კვირაში, 27-28 ივნისს გააგრძელებენ.